ახალი ამბები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გარდაცვალებათა 43.8%-ს შეადგენს, კოვიდი — 5,1%-ს

30 ივნისი, 2021 • 1426
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გარდაცვალებათა 43.8%-ს შეადგენს, კოვიდი — 5,1%-ს

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზებს შორის სჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8%, სიმსივნეები (16%) და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები (7.9 პროცენტი).

2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის მეათე ვერსიას (ICD-10) დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, „U07.1 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), რომელიც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია“. აღნიშნული მიზეზით, 2020 წელს საქართველოში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1%-ს შეადგენს.

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით. წყარო: საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ასაკთან მიმართებაში გარდაცვალების მიზეზები იცვლება. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში სჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები, 5-39 წლის ასაკში — ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი