ახალი ამბები

თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა

30 ივნისი, 2021 • 1527
თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ჟვანია “ფეისბუქზე” წერს.

“მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს, განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე”, — წერს ჟვანია.

ჟვანიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შეეძლო გაეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას”, — აცხადებს ჟვანია.

ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რვაწლიანი საქმიანობას აფასებს და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი — წარმატება და განვითარება.

თამარ ჟვანია მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, სამოქალაქო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიას.

თამარ ჟვანია ამბობს, რომ განცხადებაში ყველაფერი ნათქვამია და მედიისთვის დამატებით განმარტებებს არ გეგმავს. ამასთან, არ მიდის პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე.

“ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას”, — წერს ჟვანია.

თამარ ჟვანიამ ჯერ კიდევ 21 ივნისს საქართველოს პარლამენტში განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, მოითხოვოს ნებისმიერი საარჩევნო ადმინისტრატორის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის არგუმენტების გარეშე გადადგომა.

კომისია იმსჯელებს ცესკოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე — მიქანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი