ახალი ამბები

თამარ ჟვანია უზბეკეთში IFES-ის დირექტორად დაინიშნა

18 ოქტომბერი, 2021 • 2284
თამარ ჟვანია უზბეკეთში IFES-ის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)“ დირექტორად დაინიშნა.

IFES-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე იძებნება თამარ ჟვანიას შესახებ ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ იგი თავის მოვალეობას უზბეკეთში ასრულებს, მანამდე კი ჰქონდა 21-წლიანი გამოცდილება არჩევნების სფეროში.

უზბეკეთის საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 15 ოქტომბერს IFES-ის დელეგაცია, მათ შორის, თამარ ჟვანია და ევროპისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი მენეჯერი ენტონი ბოიერი შეხვდნენ უზბეკეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული საარჩევნო რეფორმები განიხილეს.

“ჩვენ არ ვაკვირდებით არჩევნებს, რათა შევაფასოთ არჩევნები და წარმოვადგინოთ კონკრეტული ანგარიში. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან და სხვა აქტორებთან ერთად, მათ შორის, მედიასთან, შშმ პირთა ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

თანამშრომლობა დაიწყება ამ არჩევნების (უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები) შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს არჩევნების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობაში, პროცესებში ამომრჩეველთა აქტიურ მონაწილეობაში და ქვეყნის განვითარებაში”, — განაცხადა შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ.

უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება.

თამარ ჟვანიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი 2021 წლის 30 ივნისს დატოვა, ოფიციალურ მიზეზად კი პირადი გადაწყვეტილება დაასახელა. როგორც მან წერილობით განცხადებაში აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შეეძლო გაეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიიჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

ჯერ კიდევ 21 ივნისს, გადადგომამდე 9 დღით ადრე, მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თამარ ჟვანიას გადადგომას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა, რადგან მიაჩნდათ, რომ მან არჩევნების გაყალბებაში, ხელისუფლების მითითებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი