ახალი ამბები

NGO-ების განცხადებით, ცესკოს ახალი თავმჯდომარე კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეირჩეს

30 ივნისი, 2021 • 803
NGO-ების განცხადებით, ცესკოს ახალი თავმჯდომარე კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეირჩეს

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თამარ ჟვანიას მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვამ შეიძლება, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. სწორედ აღიშნულმა განაპირობა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების საჭიროება, რაც ცესკოს წევრების მაღალი ლეგიტიმაციის საფუძველზე შერჩევას გულისხმობს”, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

NGO-ების აზრით, ამ ფონზე აუცილებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეეწყობა ხელი.

“მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატურების შერჩევა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსენსუსის საფუძველზე მოხდეს. აუცილებელია, რომ განსაკუთრებით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭირვალედ. მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები:

  1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  2. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
  4. ღია საზოგადოების ფონდი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, რომელიც 21 ივნისს აცხადებდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა, დღეს, 30 ივნისს გადადგა.

ჟვანიას გადადგომას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის კრიტიკით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.

“ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

  • გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
  • გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
  • გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
  • გაუყალბეს არჩევნების გაყალბება.

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება — რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა”, — დაწერა კობახიძემ Facebook-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი