ახალი ამბები

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება – ჯაღმაიძე

29 ივნისი, 2021 • 1486
ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება – ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ამჟამინდელი ბენეფიციარები ბიოლოგიურ ოჯახებში, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებსა და მცირე ზომის ბავშვთა სახლებში უნდა დაბრუნდნენ. ამის შესახებ ჯაღმაიძემ საპატრიარქოში, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოთქვა კმაყოფილება იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად მიმდინარეობს, ასევე, მისი თქმით, მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:

“საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, რომ უნდა მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია და ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებში, შემდგომში, თუ ეს არ მოხერხდა, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, და უკვე ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები.

სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში. ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ასე რომ, შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები”, –განაცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის, რადგან ეს პროცესები ბუნებრივად მიმდინარეობს და ხელოვნურად არ უნდა დაჩქარდეს.

ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ UNICEF-ისა და ორგანიზაცია Worldvision-ის წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ნინოწმინდაში არსებული პრობლემები იმისთვის, რომ ისინი არ განმეორდეს.

ამავე თემაზე ვრცლად ნახეთ:

რატომ ვერ მოაგვარებს ეპისკოპოს იაკობის გეგმა ნინოწმინდის პანსიონის პრობლემას

მასალების გადაბეჭდვის წესი