ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოში ტიკარაძე მივიდა

29 ივნისი, 2021 • 941
ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოში ტიკარაძე მივიდა

დღეს, 29 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონზე სამსჯელოდ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ და მინისტრმა. ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ UNICEF-ისა და ორგანიზაცია Worldvision-ის წარმომადგენლები.

„უპირველეს ყოვლისა, წინა შეხვედრები კრიტიკულად დაფიქსირებული მდგომარეობის განმუხტვისთვის და პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვისთვის შედგა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ ვესწრებოდი. ვთვლი, რომ ჩემი ჩართულობა ყველა ამ შეხვედრაში და პროცესში არის მნიშვნელოვანი ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

დღეს ჩვენ გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, თუ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემები, რათა ისინი არ განმეორდეს, და ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით“, — აცხადებს ტიკარაძე.

ჟურნალისტების დამატებით კითხვებს ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით მინისტრი კონკრეტულად არ პასუხობს და ამბობს, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ის ასევე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს იქ მომუშავე სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს.

„ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება. ისინი მუშაობენ ბავშვებთან და მას შემდეგ, რაც ისინი დადებენ დასკვნას, თუ რა შემთხვევაში ვიცავთ ჩვენ ამ 15 ბავშვის საუკეთესო ინტერესს – ჩვენ მივიღებთ იმ შემდგომ გადაწყვეტილებებს, თუ სად მოხდება ამ ბავშვების პოზიციონირება და რა ხერხს მიმართავს როგორც სახელმწიფო, ასევე თან მომუშავე ორგანიზაციები“, — აცხადებს ის.

ტიკარაძეს ასევე ჰკითხეს მიმდინარე 4 გამოძიების შესახებ, რომელთა შორის 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი- გაუპატიურების. ის აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს არ გააკეთებს. მისივე თქმით, ის ასევე ელოდება აუდიტის დასკვნას.


ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოიქცა, რაც ჯერ კიდევ აპრილში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სასულიერო პირები აპარატის წარმომადგენლებს ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად არ უშვებს.

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.

მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 28 ივნისს კი პირველად 2018 წლის შემდეგ სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.

ჯერ არ დასრულებულა 4 გამოძიება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ დაიწყო – მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი გაუპატიურების. პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ  ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლვევის შედეგად ნინოწმინდის პანსიონს 9 შენიშვნა წარუდგინა. მათ შორის საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობისგან დამცავი შიდა მექანიზმის არარსებობა, ერთ ოთახში 4 ბავშვზე მეტის განთავსება და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.