ახალი ამბები

“მიშელის რეფორმების ჯგუფი” პრაიდთან დაკავშირებით გომელაურს პარლამენტში იწვევს

29 ივნისი, 2021 • 1230
“მიშელის რეფორმების ჯგუფი” პრაიდთან დაკავშირებით გომელაურს პარლამენტში იწვევს

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იწვევს, რათა ვახტანგ გომელაურმა კანონმდებლებს აუხსნას, როგორ აპირებს სახელმწიფო “თბილისი პრაიდის” კვირეულის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეები კონკრეტულ პასუხებს ელიან.

“ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია ბატონი გომელაური ადამიანის უფლებათა კომიტეტზე იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ამ კვირეულს, როგორ აპირებს ხელისუფლება, შსს, დაიცვას წესრიგი, დაიცვას თითოეული მოქალაქე და თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომლითაც იმუქრებიან კონკრეტული ჯგუფები და ადამიანები.

[მინისტრი] ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც ელოდებიან კონკრეტულ პასუხებს ამ კვირეულთან დაკავშირებით, დაიცავს თუ არა შსს ადამიანებს”, — აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, მიხეილ სარჯველაძეც ესაუბრა. სარჯველაძე არ ფიქრობს, რომ “განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, ვინმეს უსაფრთხოება ან უფლება იმსახურებს თუ არა დაცვას”.

“ეს საკითხი საკამათო არ არის ნამდვილად. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, როგორი ფორმატით წარიმართება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რა იქნება შინაარსი, განხილვის ფორმა და ყველაფერი ეს, ამაზე მოვილაპარაკებთ.

არავის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, მცდელობა, განზრახვა იმისა, რომ რამენაირად ხელი შეუწყოს კონფლიქტის შექმნას საზოგადოებაში.

ეს არის ვალდებულება, რომელიც ყველას გვაკისრია: ინიციატორსაც, ისევე როგორც კონტრაქციის გამართვის მსურველს”, — დასძინა მან.

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დასასრულს, 5 ივლისს კი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება. კვირეულის გარშემო მიმდინარე დისკუსიების პარალელურად, ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პრაიდი დაბრკოლებების, მუქარების, დაუცველობის ფონზე

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, — აცხადებენ აქტივისტები, რომელთაც ზემოხსენებული კვირეულის აღნიშვნა სურთ.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

2019 წელს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც მაშინაც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე.

პარტიზანული “ღირსების მარში“ შსს-სთან. 08.07.2019 ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ორგანიზატორებს იმთავითვე ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჯერ დახურულ სივრცეში ურჩია აქტივისტებს მარშის ჩატარება, შემდეგ კი საერთოდ ვერ მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები.

ამავე პერიოდში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა პრაიდის ჩატარება თბილისში. ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი თქვა, რომ თბილისი პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნიდა.

საბოლოოდ, გარანტიების არარსებობის ფონზე, თბილისის პრაიდის აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გამართეს პარტიზანული მარში, სადაც პროცესებზე პასუხისმგებლობა გახარიას დააკისრეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჩანდა იმ ფონზე, როცა აშკარა იყო მუქარები რადიკალთა მხრიდან.

ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, უცნობია, მოახერხებენ თუ არა ორგანიზატორები პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებას.

“უსაფრთხოება” გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე — რატომ ეწინააღმდეგება “ოცნება” “პრაიდს”

მასალების გადაბეჭდვის წესი