ახალი ამბები

პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს – შსს „ღირსების მარშზე”

18 ივნისი, 2021 • 2028
პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს – შსს „ღირსების მარშზე”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, 1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება.

ამ ღონისძიების შესახებ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დარახველიძეს ჰკითხა დეპუტატმა თამარ კორძაიამ. მან იკითხა, თუ რას გეგმავს ამ დღეს სამინისტრო და თუ ჰქონდა მას „თბილისი პრაიდთან“ კომუნიკაცია.

„რაც შეეხება „თბილისი პრაიდს“, ქალბატონმა თამარმა დასვა ეს კითხვა, UNDP-ს (გაეროს განვითარების პროგრამა) ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც მონაწილეობდა, სადაც განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ იმ რისკების შესახებ ინფორმაცია, რაც აღნიშნული ღონისძიების „ღირსების მარშის“ გამართვას უკავშირდება. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იყო გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების ლოკაციის შეცვლას, არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას. ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიცია და შსს და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება. ამ შემთხვევაში, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა დარახველიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი