ახალი ამბები

მე ქართველი მუსლიმი ვარ, საქართველო ჩვენი სამშობლოა, მეტი სამშობლო არ გვაქვს – ტარიელ ნაკაიძე

28 ივნისი, 2021 •
მე ქართველი მუსლიმი ვარ, საქართველო ჩვენი სამშობლოა, მეტი სამშობლო არ გვაქვს – ტარიელ ნაკაიძე

“არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მოხაზოთ და მონიშნოთ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. თქვენ [მთავრობას] არ მოგცემთ უფლებას, რომ საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ. საქართველო ჩვენი სამშობლოა, ჩვენ მეტი სამშობლო არ გვაქვს. შევეჯიბროთ საქართველოს პატრიოტიზმში და მის სიყვარულში. დაე, გაუმარჯოს მრავალფეროვან, თავისუფალ საქართველოს”, – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ნაკაიძის განცხადებით, ის არის პარლამენტში უმცირესობების ხმა და არ მისცემს მთავრობის წარმომადგენლებს უფლებას, რომ უმცირესობების შეკითხვები პასუხების გარეშე დატოვონ.

“მე ვეფხისტყაოსნის გმირის, ტარიელის სახელს ვატარებ. მე დიდი ქართველი მამულიშვილების – მემედ ბეგ აბაშიძის, სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის, გულო-აღა კაი კაციშვილის, საიათნოვას, ილია ჭავჭავაძის, აზერბაიჯანელი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას (რომელიც ასი წლის წინ დემოკრატიული საქართველოს ღირსებას იცავდა ამ ტრიბუნიდან), მათი შთამომავალი ვარ.

მე დღეს საქართველოს უმცირესობების ხმა ვარ. მე, ბატონო პრემიერო, ქართველი მუსლიმი ვარ. ჩვენ ღირსეულად და თავისუფლად ჩავივლით რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ეკლესიებს, სინაგოგებს. ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს უმთავრესი სულიერების ტაძარია”, – განაცხადა ნაკაიძემ.

ნაკაიძე მეათე მოწვევის პარლამენტში “ევროპული საქართველოს” სიით მოხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარი განაცხადა, ნაკაიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად შესულიყო პარლამენტში. ამის მოტივად კი მან “სპეციფიკური ბექგრაუნდი” დაასახელა და განმარტა, რომ შეეცდებოდა, პარლამენტში რელიგიური უმცირესობები მაქსიმალურად წარმოედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი