ახალი ამბები

“სტრატეგია აღმაშენებელმა” საპენსიო სესხებზე “ლიბერთი ბანკთან” აქცია გამართა

24 ივნისი, 2021 • 915
“სტრატეგია აღმაშენებელმა” საპენსიო სესხებზე “ლიბერთი ბანკთან” აქცია გამართა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებთან ერთად საპენსიო სესხებთან დაკავშირებით “ლიბერთი ბანკთან” აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ბანკთან მიიტანეს პლაკატი ლოზუნგით — “შეწყვიტეთ პენსიონერების ძარცვა”, ასევე პროდუქტები, რომელსაც, მათი თქმით, ბანკი ყოველთვიურად “იპარავს”.

ვაშაძე აცხადებს, რომ პენსიის გაცემაზე ექსკლუზიურ უფლებას სწორედ “ლიბერთი ბანკი” ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი დ,ა შესაბამისად, ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი” ადგენს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ პრივილეგიიდან გამომდინარე, ბანკს საპენსიო სესხებზე არაადეკვატურად მაღალი პროცენტები აქვთ.

“დღეს პენსიონერები, დევნილები, შშმ პირები უსამართლოდ მაღალ სესხის პროცენტს იხდიან. იმის მაგივრად, რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, თავისუფალი არჩევანის უფლებას ვაძლევთ და რომელ ბანკშიც უნდათ აიღონ სესხიო, კონკურენცია იყოს და მყისიერად დაიწიოს სესხის პროცენტმა, თქვეს, რომ წლის ბოლომდე ძარცვას ისე გავაგრძელებთ, როგორც ვაგრძელებდით და მერე კიდევ ხელახალ კონტრაქტს გავაფორმებთო. არანაირი ტენდერი არ არის საჭირო, პენსიონერს უნდა თავისუფლება, რომ აირჩიოს ის ბანკი, სადაც პენსიის მიღება უნდა”, — განაცხადა ვაშაძემ TV პირველთან საუბრისას.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება “გონს არ მოეგება”, ვაშაძე გეგმავს, რომ საქართველოს მასშტაბით პენსიონერები შეკრიბოს და ამ საკითხის გარშემო გააერთიანოს.

აპრილის თვეში სოციალური მომსახურების სააგენტომ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, რომ უწყებამ 2019 წელს ბაზრის კვლევა დაიწყო და შეხვედრები გამართა რამდენიმე კომერციულ ბანკთან, თუმცა, სურვილის მიუხედავად, ტენდერში მონაწილეობა არცერთ ბანკს არ სურდა, რადგან ისინი ინფრასტრუქტურულად არ იყვნენ მზად ამისთვის.

დღეს, 24 ივნისს, განცხადება გაავრცელა “ლიბერთი ბანკმაც”, რომლის თანახმადაც, ბანკი როგორც ადრე, ასევე ახლაც თანახმაა, რომ გამოცხადდეს ტენდერი და პენსიის გაცემის მომსახურება სხვა ბანკმა გადაიბაროს. ბანკის განცხადებით, 2018 წლიდან სესხის განაკვეთი მაქსიმალურად შეამცირა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65%-მდე დაიყვანა.

“საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც, ჩვენი შეფასებით, სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს უფროსი ასაკის მომხმარებელზე. ამასთან, არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა ლიბერთი სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს”, — აცხადებს “ლიბერთი ბანკი”.

პენსიის აღება ნებისმიერ ბანკში უნდა იყოს შესაძლებელი — “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი