ახალი ამბები

პენსიის აღება ნებისმიერ ბანკში უნდა იყოს შესაძლებელი — “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივა

25 მაისი, 2021 • 2097
პენსიის აღება ნებისმიერ ბანკში უნდა იყოს შესაძლებელი — “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ აპირებს პარლამენტში მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს უფლება ექნება, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. მათ ინიციატივას შეურთდნენ რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე და პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძეც.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებელი” აცხადებს, რადგან საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას “ლიბერთი ბანკი” ფლობს,  მას არ ჰყავს კონკურენტი და, შესაბამისად, ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი” ადგენს.

“ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე, მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – პენსიონერები იღებენ” ,— ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, “ლიბერთი ბანკი” პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას რომ არ ფლობდეს, საპენსიო სესხებზე პროცენტი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

“პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს ალტერნატივით”, — აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელი”.

მათი თქმით, ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს “თუნდაც პენსიონერების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ისედაც მიზერულ პენსიას დანაკლისით იღებენ”.

“სწორედ ასე იქცევა „ლიბერთი ბანკიც“. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში დაერიცხება ხელფასი და ამ ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მას შეუძლია გადავიდეს სხვა ბანკში, სადაც იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, უფრო დაბალი განაკვეთი სახელფასო ავანსზე. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. მსგავსი კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი”, — აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელი”.

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის ინიციატივა ჰქონდა პარტია “მოქალაქეებს” და პარლამენტში მოსმენის გამართვა მარტში მოითხოვეს.

“ჰკითხეთ ნებისმიერ პენსიონერს, რეალური პრობლემა არის საბანკო პროცენტი, რომელიც აქვს „ლიბერთი“ ბანკს პენსიონერებისთვის დაწესებული. თითქმის 800 000 პენსიონერია და აქედან 30%-ზე მეტს, სულ მცირე, რამდენიმე თვის ან ერთი წლის პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი. ბანკი ყველაზე დაუცველ ადამიანებს საქართველოში, პენსიონერებს, ახდევინებს არანორმალურ, აუხსნელად დიდ 36%-ს სესხის წინასწარ გამოტანაში”, — აცხადებდა ალეკო ელისაშვილი.

ამის გამო დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, “სტრატეგია აღმაშენებელს” მიუთითა, რომ კონსულტაციები “მოქალაქეებთან” გაევლოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი