ახალი ამბები

“ოცნების მათემატიკა” – რატომ იცვლება თვითმმართველობებში კვოტირების სისტემა

24 ივნისი, 2021 • 1970
“ოცნების მათემატიკა” – რატომ იცვლება თვითმმართველობებში კვოტირების სისტემა

“ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემის შეცვლას აპირებს, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ.

ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი და უმრავლესობი წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ცვლილებით თანაფარდობის გარდა არაფერი იცვლება.

თუმცა გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ამას არ შეეგუებიან, რადგან ეს ღირებულებების საკითხია და მათემატიკამდე არ დაიყვანება.

რა იცვლება

კანონის მოქმედი რედაქციით, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას პარტიული სია იმგვარად უნდა შეედგინა, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ყოფილიყო.

თუმცა აღნიშნულ ნორმა ამოქმედებამდე უქმდება, რადგან “ქართული ოცნების” ინიციატივით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ნაცვლად ყოველი მეორისა, ყოველი მესამე  წევრი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.

კვოტირებასთან დაკავშირებული ცვლილებები საარჩევნო რეფორმების პაკეტში მოყვა, რომელიც საკრებულოებში პროპორციული წარმომადგენლობის გაზრდასაც ითვალისიწინებს.

საილუსტრაციოდ განვიხილოთ თბილსისის საკრებულოს მაგალითი. თბილისის 50-კაციან საკრებულოში დღეს 25 წევრი მაჟორიტარული წესით, 25 კი პროპორციულადაა არჩეული. თუ საკრებულო კვლავ ამ სისტემით აირჩეოდა და კვოტირების შესახებ კანონის მოქმედი რედაქციაც (სიის ყოველი ორი წევრიდან ერთი ქალი) დარჩებოდა, მაშინ საკრებულოს ეყოლებოდა მინიმუმ 12 წევრი (საერთო დეპუტატიის 24%) ქალი. სავალდებულო გენდერული კვოტირება მაჟორიტარებს არ ეხებათ.

თუმცა ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ იცვლება სიით და მაჟორიტარული წესით არჩეულული დეპუტატების თანაფარდობა. ახალი წესით თბილისის საკრებულოს 40 წევრი პროპორციულად, 10 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. პროპორციული წარმომადგენლობის ზრდის პარალელურად კი ქალთა წარმომადგენლობა არ იზდება, რადგან თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ყოველი მესამე წევრი განსხვავებული სქესის იქნება, მომავალ საკრებულოს მინიმუმ 13 წევრი (საერთო დეპუტატიის 26%) ქალი ეყოლება. იმ შემთხვევაში კი, თუ კვოტირების შესახებ კანონის მოქმედი რედაქცია დარჩებოდა, თბილისის საკრებულოს ეყოლებოდა მინიმუმ 20 წევრი (საერთო დეპუტატიის 40%)  ქალი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ თბილისის საკრებულოს მაგალითია. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მონაცემებით, ჩანაწერი “ყოველი მესამე” მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობას გარანტირებულად უზრუნველყოფს მხოლოდ 20-21%-ით. “ყოველი მეორე” ჩანაწერის დატოვება კი კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა გენდერულ თანასწორობას და ქალების 33%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში.

ვინ (არ) იცოდა ცვლილების შესახებ 

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ისე ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი “ქურდულად და შეუთანხმებლად” შეცვალეს.

ცვლილებების შესახებ 22 ივნისს, გამთენიისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საჯაროდ  ისაუბრა სწორედ შალვა პაპუაშვილიმა, როცა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილებოდა. მანამდე ამის შესახებ საჯაროდ არ თქმულა არც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული ცვლილებების პაკეტის პირველი მოსმენისას.

როგორც ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, სწორედ ამ საკომიტეტო განხილვის დროს გაიგეს, რომ კვოტირების სისტემა იცვლებოდა.

“მალულად და შეუთანხმებლად… სიურპრიზი გაგვიკეთეს ქალებს, არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ქალები თუნდაც 30 პროცენტით იყვნენ წარმოდგენილნი თვითმმართველობებში. ამ კანონპროექტის მიღებას დიდი ბრძოლა უძღოდა წინ, ჩვენ ამას არ მოვითმენთ და მოჰყვება დიდი პროტესტი ყველა ჯგუფის მხრიდან”, – ამბობს ბაია პატარაია.

“ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით,  საკითხი “ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა”.

“მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ თვითმმმართველობის არჩევნებზე ყველა პარტია ვალდებული იყო, სიის ყოველი მეორე წევრი ყოფილიყო განსხვავებული სქესის. ამ დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით უპირებს გაუქმებას „ქართული ოცნება“ და როდის გააკეთა ეს, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც შუადღის ოთხი საათიდან დილის 4 საათამდე მიმდინარეობდა. როცა უკვე შეუძლებელი იყო ამ პროცესში ჩართულობა, მე პარლამენტი დავტოვე იმ დღეს, დილის სამის ნახევარზე”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით კი, აღნიშნული ცვლილების მეორე მოსმენით განხილვისას დაყენება რეგლამენტის დარღვევაა, რადგან  “კონცეპტუალური საკითხია და არ შეიძლება მეორე მოსმენით განხილვის თემა ყოფილიყო”.

შალვა პაპუაშვლი ირწმუნება, რომ ამ ცვლილების შესახებ სხვებმაც იცოდნენ. თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ იყო ინფორმირებული კვოტირების სისტემის შეცვლაზე.

“ამ იდეაზე იყო[საუბარი] და მათ შორის ქალთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმაც იცოდნენ, რომ ეს საკითხი იდგა ზოგადად დღის წესრიგში. პირველი მოსმენისას მართალია არ იყო, მაგრამ ზოგადად, დღის წესრიგში ეს რომ იდგა, ეს მათ იცოდნენ. განხილვა არ გვქონია, მაგრამ ზოგადად ის, რომ ეს იდეა არსებობდა, ამის შესახებ ყველამ იცოდა”, – აცხადებს პაპუაშვილი.

“ოცნების” მათემატიკა”

ხათუნა სამნიძის თქმით, კვოტირების სისტემის შეცვლა მეტყველებს, რომ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა “ოცნებას” მხოლოდ მათემატიკა ჰგონია”. მისი თქმით, სიტუაცია გაურესდა და “ჩუმად შემოცურებულმა” ცვლილებამ აჩვენა, რომ მმართველ პარტიას ეს თემა საერთოდ არ აინტერესებს.

ქალთა უფლებადამცველების აზრით, ცვლილებების რეალური მოტივი ისაა, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი ქალი იყოს ჩართული.

“ეს არის არა პარტიების პრობლემა, არამედ კაცების პრობლემა. კაცი პოლიტიკოსები ამ ქვეყანაში ცდილობენ, რომ როგორმე ჩაჩეხონ და ჩააჩოჩონ პოლიტიკოსი ქალები პოლიტიკიდან”, – ამბობს ბაია პატარაია.

შალვა პაპუაშვულის მტკიცებით კი, არაფერი არ უარესდება. მისი თქმით, “ოცნების” ვალდებულება იყო, რომ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა მინიმუმ 20%-მდე გაზრდილიყო და ამ ცვლილებით მათ მიერ აღებული ვალდებულება ძალაში რჩება. პაპუაშვილმა ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ნახევრად ხუმრობით “კაცთმოძულეობა” უწოდა. მისი თქმით, პარტიებს, რომლებიც ინიციატივას არ ეთანხმებიან, თავიანთ სიებში მეტი ქალის ყოლას არავინ უშლის.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ყველა პარტია არსებული სტანდარტის შენარჩუნების მომხრე იყო და არა მისი გაზრდის, მათ შორის ისინიც, ვინც პროტესტს აცხადებენ. თუმცა, კონკრეტულად, რომელ პარტიებზეა საუბარი, პაპუაშვილი არ ასახელებს.

“ეს კვოტა [ყოველი მეორე] უზრუნველყოფდა, რომ ქალების მინიმუმ 20%-იანი წარმომადგენლობა ყოფილიყო საკრებულოებში. [ამჟამად] ყოველი მესამეც უზრუნველყოფს, რომ მინიმუმ 20%-იანი წარმომადგენლობა იყოს. ანუ არაფერი არ უარესდება და რაც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ზუსტად ის რჩება[….]

ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, რამდენი ქალი უნდა იყოს საკრებულოში. ქალი შეიძლება იყოს 100%, 80%… ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, სახელმწიფო რამდენ პროცენტს დაავალდებულებს პარტიებს. ამ ეტაპზე ვიფიქრეთ, რომ ამ ვალდებულების გაზრდა მიზანშეწონილი არ არის […] დღეს საკრებულოებში ქალები 13% არიან და  ამ ცვლილებით ეს გაიზრდება მინიმუმ 20%-მდე. ეს არის ვალდებულება. ამის იქით თავად პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ”, –  ამბობს პაპუაშვილი.

ბაია პატარაიას თქმით კი, თავის დროზეც, როდესაც კვოტირების კანონპროექტი მიიღეს, უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ  20%-იანი ქალთა წარმომადგენლობა ძალიან დაბალია და პოლიტიკაში ქალთა მეტ ჩართულობას ვერ უზრუნველყოფდა.

“თუმცა საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ნელ-ნელა ქვეყანა გადადის პროპორციულ სისტემაზე და არ შეიცვლებოდა [გენდერული კვოტირების] კანონი და რაც უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით, ეს ავტომატურად გამოიწვევდა უფრო მეტი პროცენტულობით ქალების მონაწილეობას არჩევით ორგანოებში და დაახლოებით 30%-ს შეადგენდა სამომავლოდ.

დღეს, როდესაც უფრო პროპორციულის სასარგებლოდ იცვლება საარჩევნო სისტემა მუნიციპალიტეტებში, ჩვენ ვკითხეთ “ქართულ ოცნებას”, ხომ  არ აპირებდნენ რაიმეს შეცვლას კვოტების კანონმდებლობასთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ არა. თუმცა გუშინ, სრულიად გასაიდუმლოებულად, დილის ხუთ საათზე, ისე, რომ არავისთვის ცნობილი არ იყო, მეორე მოსმენაზე და არა პირველზე, დააყენეს ეს ცვლილება”, — ამბობს ბაია პატარაია.

აღნიშნული არგუმენტი შალვა პაპუაშვილსაც შევახსენეთ, რაზეც გვიპასუხა, რომ ამ არგუმენტის შესახებ არ იცის. თუმცა იდეალური კვოტირების სისტემაზე საუბრისას ევროპულ გამოცდილებას იშველიებს.

“რატომ 30% და არა 40% ან 50%? თუკი შევხედავთ ევროპულ გამოცდილებას, იქ 50%-იანი კვოტებიც არის. ასე რომ, იდეალი, ეს არის 50%, რასაც გვინდა ჩვენ მივაღწიოთ”, – ამბობს პაპუაშვილი.

კითხვაზე, მაშინ რატომ ცვლიან კვოტირების სისტემას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც  საკრებულოებში მეტი ქალი იქნებოდა წარმოდგენილი, პაპუაშვილი გვპასუხობს:

“საქმე იმაშია,  რას გვინდა მივაღწიოთ კვოტებით? კვოტები არის ამის ერთადერთი ინსტრუმენტი, თუ კვოტები ეს არის ინსტრუმენტი, რომ ცნობიერება ავამაღლოთ, მათ შორის პოლიტიკოსებს შორის, და წავახალისოთ ქალები გახდნენ აქტიურები და შემდეგ ბუნებრივმა პროცესმა უზრუნველყოს, რომ თანაბარი წარმომადგენლობა იყოს ქალების და კაცების. ამ შემთხვევაში მიზანი იყო, რომ ჩვენი ჩარევის ზღვარი არ შეგვეცვალა. დღეს საკრებულოებში, ჯამში, 2000 წევრია, აქედან 270 ქალია. ამ ცვლილებით, (ყოველი მესამე) ისევე როგორც წინა შემთხვევაში (ყოველი მეორეი), დაახლოებით 450-მდე იქნებოდა, ახლაც 450-მდე იქნება”, – აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია კი ამბობს, რომ ნორმა, რომელსაც გაუქმებას უპირებენ, “წყალობა” ისედაც არ ყოფილა და ახლა მას კიდევ უფრო აურესებენ. ამიტომ, მისი თქმით, ძველი ჩანაწერის დაბრუნება “სასიცოცხლო” საკითხია.

“ეს არ არის კაპრიზი. ეს არის კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს” ქალისა და მამაკაცის თანასწორობას”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეფორმის ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგის გაუმჯობესება შესაძლებელი იყო.

ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დღეს უნდა განიხილონ.

ქალთა უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი პარლამენტარებს მოუწოდებენ, რომ პლენარულ სხდომაზე ინიცირებულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირონ. ცვლილებების არმიღებისკენ პარლამენტს მოუწოდა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი