ახალი ამბები

რუსეთი ამბობს, რომ ყირიმთან ბრიტანულ სამხედრო გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

23 ივნისი, 2021 • 2497
რუსეთი ამბობს, რომ ყირიმთან ბრიტანულ სამხედრო გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდმა შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულთან, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემ HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

სამინისტროს ცნობითვე, ბრიტანული ხომალდის გზაზე რუსულმა თვითმფრინავმა გამაფრთხილებელი ბომბებიც ჩამოაგდო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამის შემდეგ HMS Defender-მა მალევე დატოვა რუსული წყლები. უწყების განცხადებით, ხომალდი რუსეთის ტერიტორიაზე 3 კმ-ის სიღრმეზე შევიდა.

ინციდენტი შავ ზღვაში ფიოლენტის კონცხთან, ყირიმის სანაპიროსთან მოხდა. რუსეთის ფედერაციას 2014 წლიდან უკრაინისგან ანექსირებული აქვს ყირიმის ნახევარკუნძული, რასაც ნატო, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები გმობენ.

„გამანადგურებელი გააფრთხილეს, რომ იარაღს გამოიყენებდნენ, თუკი რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადმოკვეთდა. მას არ ჰქონია რეაგირება გაფრთხილებაზე“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე გააკეთა კომენტარი მომხდარზე, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობები არ დაადასტურა:

„HMS Defender-ის მისამართით არანაირი გამაფრთხილებელი გასროლა არ მომხდარა. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი მშვიდობიანად მოძრაობს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

„როგორც ვიცით, რუსები შავ ზღვაზე საარტილერიო სწავლებას ახორციელებდნენ… HMS Defender-ის მისამართით არცერთი გასროლა არ მომხდარა და ჩვენ არ ვაღიარებთ განცხადებას, რომ ხომალდის გზაზე ბომბები ჩამოაგდეს“, – წერს უწყება ტვიტერზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ხომალდი 26-30 ივნისს ბათუმის პორტშიც გეგმავს შესვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი