ახალი ამბები

დაპაუზებული ვაქცინაცია და შემსუბუქებული შეზღუდვები — რა პრობლემას ხედავენ ექიმები

24 ივნისი, 2021 • 2315
დაპაუზებული ვაქცინაცია და შემსუბუქებული შეზღუდვები — რა პრობლემას ხედავენ ექიმები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია და კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევები ათასსაც კი აღწევს, ხელიუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა. ექიმების ნაწილისთვის ეს გადაწყვეტილება ლოგიკას მოკლებული და ამოუხსნელია.

იმ ფონზე, როცა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზე არცერთი მაჩვენებელი არ მიუთითებდა, მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა. 22 ივნისს, როცა შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გახდა ცნობილი, გამოვლინდა კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.27% იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირრველი ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი, 22 ივნისიდან გაუქმდა ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და ისეთი ადგილებისა, სადაც მოქალაქეების კონცენტრაცია დიდია, პირობითად, ბაზრობებზე.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა ლოგიკა და არგუმენტები დგას შეზღუდვების შემსუბუქების უკან ამ ვითარებაში, როცა მობილობა და ვირუსის უფრო გადამდები დელტა (ინდური) შტამის გავრცელება მზარდია, ვაქცინაციის პროცესი კი — დაპაუზებული?

ვინ (არ) დაუჭირა მხარი შეზღუდვების შემსუბუქებას?

ივნისში კომენდანტის საათის და ღია სირვცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის ალბათობა თავდაპირველად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დააანონსა.

“მე ვითხოვ კომენდანტის საათის მოხსნასაც და ღია სივრცეში პირბადის ტარების მოხსნასაც”, — თქვა ცერცვაძემ 21 ივნისს.

თუმცა ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის გაუქმებას არ ემხრობოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის წინა დღეს თქვა, რომ ბოლო პერიოდში ეპიდვითარების გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით და არამდგრადობით ხასიათდება, ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

“ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას”, — განაცხადა გამყრელიძემ, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, NCDC-ის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და არჩევანი ეკონომიკის, განსაკუთრებით კი, ტურიზმის ხელშეწყობის სასარგებლოდ გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება “დადებითი და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმის გამო, რომ დადებითი მოლოდინია ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით”.

მინისტრის ცნობით, საქართველოში კვირაში განხორციელებული ფრენების რაოდენობა უკვე შეადგენს ტურიზმის თვალსაზრისით რეკორდული 2019 წლის შედეგის ნახევარს, მიზანს კი ტურისტული სეზონის პიკში 2019 წლის შედეგის 70%-ის მიღწევას წარმოადგენს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გარე სივრცეში პირბადის ტარების გაუქმება იმით ახსნა, რომ ეს შეზღუდვა გარკვეულწილად ფორმალური გახდა, რადგან “ახლა სიცხეა და ბევრი მოქალაქე ვერ ახერხებს ტარებას”.

“პირბადის გამოყენების მნიშვნელობა რჩება უცვლელი. მეორე მხარეც არის, რამდენად შესაძლებელია პირბადის სავალდებულო გამოყენების მონიტორინგი და სწორედ ამ ნაწილის შემსუბუქებაზე იყო საუბარი. გამომდინარე ზაფხულის ცხელი პერიოდიდან და იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმულები, ამ წესს უბრალოდ ვერ იცავენ და არც აღსრულება ხერხდება, საბჭოზე ჩვენც მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

ზაფხულის ფაქტორი

ზაფხულის სიცხეში ადამიანებს უფრო მეტად რომ უჭირთ პირბადის ტარება, უფრო ხშირად არღვევენ ამ წესს და მონიტორინგი რთულდება, იზიარებს ჯანდაცვის ექსპერტი, ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე. თუმცა ზოიძე მიიჩნევს, რომ გარე სივრცეში შეზღუდვის შემსუბუქების ფონზე, გასაძლიერებელია დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების მონიტორინგი.

“ოქროს შუალედი, რომ თან არ დავაქციოთ ეკონომიკა და დავიცვათ მოქალაქეები პანდემიისას, ყოველთვის ძნელი მოსაძებნია. ზაფხულის სეზონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. მოსალოდნელია, აცრილი ტურისტები ჩამოვიდნენ, რომელთაც სურთ, სრუფლასოვანი დასვენების საშუალება ჰქონდეთ. ამისთვის იყო  შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება, ამოსუნთქვის საშუალება მიგვეცა ეკონომიკისთვის”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ზოიძემ.

ზოიძის თქმით, იდეალურ სიტუაციაში კარგი იქნებოდა, ამ დრიოსთვის მოსახლოების ნახევარს მაინც ჰქონოდა კოვიდის მიმართ ვაქცინით ან დაავადების მოხდით გადატანილი იმუნიტეტი და რეგულაციებიც მოხსნილიყო, მაგრამ რეალობა სხვაა.

“კომენდანტის საათის გაუქმებას მივესალმები, უფრო ადრეც შეიძლებოდა — ორი სათით გადაწევას თავიდანვე მოხსნა სჯობდა. რაც შეეხება პირბადეებს, მაგალითად, შვედეთში რომ ვიყოთ, იდეალური იქნებოდა იმიტომ, რომ იქ მოქალაქეების თვითშეგნება, შესაბამის ვითარებაში გაიკეთონ პირბადე, ძალიან მაღალ დონეზეა და 90% იძულების გარეშე ატარებდა პირბადეს”, — ამბობს ზოიძე.

 

პულმონოლოგის, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმის, თამარ ჟამურაშვილის აზრით, პირბადის ტარების საჭიროება ღია სივრცეში, თუ 2 მეტრის დაშორებით სხვა ადამიანი არ დგას, არ არსებობს და სწორედ ასეთი, ლოგიკას მოკლებული რეგულაციები იწვევს ხალხში აგრესიას.

“არ მესმის ეს აჟიოტაჟი, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა და არც ის განაცხადი, თითქოს საქართველო პირველია, ისრაელის შემდეგ, ვინც ღია სივრცეში პირბადეების ტარებას აღარ მოითხოვს. გერმანიაში ღია სივრცეში პირბადეების ტარება, თუ ხალხი ჯგუფურად არ იდგა, არც ყოფილა სავალდებულო. SARS-CoV-2 არ არის ვირუსი, რომელიც ჰაერში არსებობს და სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად შეიძლება შეგხვდეთ. ეს ვირუსი მხოლოდ ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, შესაბამისად, ღია სივრცეში თუ 2 მეტრის სიახლოვეში სხვა ადამიანი არ დგას პირბადის ტარება, განსაკუთრებით 40 გრადუს სიცხეში, ყოველგვარ აზრს მოკლებულია”, — მიიჩნევს ჟამურაშვილი.

ვაქცინაციის ჩავარდნის გადაფარვა

“ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა იყო. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ მეტი ახსნა არ მაქვს, რა ლოგიკა შეიძლება არსებობდეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების უკან”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ამ პოზიციას იზიარებს ექიმი, “ევროპული საქართველოს” წევრი ვახტანგ კალოიანიც, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ “ვაქცინაციის ძალიან დაბალი ტემპის გადაფარვისკენ მიმართული პოპულისტური” და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

შეზღუდვების შემსუბუქებამდე არაერთმა მოქალაქემ მიიღო შეტყობინება, რომ „ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, მათი ჯავშანი გაუქმებულია“. როგორც გაირკვა, 4-5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა. 6 მაისის შემდეგ ქვეყანაში არცერთი ვაქცინა არ შემოსულა და ვაქცინაციის პროცესი, ფაქტობრივად, დაპაუზებულია.

ვახტანგ კალოიანის აზრით, სტანდარტია ჯერ ვაქცინაცია და შემდეგ — შეზღუდვების მოხსნა, ხოლო პირიქით თანმიმდევრობა გაუგებარია.

“პანდემიის მართვის დროს გადაწყვეტილებების პროგნოზირებადობა და სანდოობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა, ბიზნესის ინტერესებით ვამართლებით შეზღუდვების მოხსნა. სინამდვილეში ბიზნესი ვერ გაერკვა, როდის, რა რიცხვებზე დაიხურება ქვეყანა და როდის გაიხსნება. 2.7% დადებითობის მაჩვენებელზე კატასროფული შეზღუდვები გვქონდა, დღეში 20 მილიონს კარგავდა საქართველოს ეკონომიკა, ხოლო 3.4 მაჩვენებელზე ყველაფერი გაიხსნა. როცა ლოგიკა არ არის გადაწყვეტილებებში, ვერც ბიზნესი იგეგმება და ვერც სამედიცინო სექტორი”, — განაცხადა კალოიანმა “ფორმულას” ეთერში.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კომენდანტის საათის არარსებობის შემთხვევაში, 12 საათის მერე სივრცეების დაკეტვა ავტომატურად იწვევს ადამიანების სახლში გადანაცვლებას — თავყრილობებს, ქეიფებს, ჩაკეტვებს.

“ეპიდემიის ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება რისკის მომტანია. თუ ამას მოჰყვებოდა რეგულაცია, როგორც პირბადესთან დაკავშირებით დაკონკრეტდა, რომ გაჩერებაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხალხმრავალ ადგილებში პირბადე აუცილებელია, კი ბატონო. მაგალითად, ბრიტანეთს ჰქონდა სტუმრის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაცია. თუ ამბობდი, რომ ქართველები ქეიფის მოყვარული ხალხია, სახლში იკრიბებიან, კომენდანტის საათი რომ არ იყოს, გლდანიდან ვარკეთილში გავლენ და მობილობა გაიზრდება, ახლა დაიკარგა ეს ლოგიკა? არაფერი გაუმჯობესდა — საათში ერთხელ ერთი ადამიანი კვდება. ვაქცინაციაში წარუმატებელი ვართ მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც კი. ახლა რეგულაციების მოხსნა სრულიად შეუსატყვისი იყო”, — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ის მხარს უჭერს მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში გარე სივრცეში პირბადის მოხსნის გადაწყვეტილებას, ხოლო სხვა რეგულაციების მოხსნა, კულუმბეგოვის აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში თუნდაც ერთი დოზით აცრილი მილიონი ადამიანის შემთხვევაში. კულუმბეგოვი, ასევე, მომხრეა წახალისების მექანიზმის დანერგვის, როცა რეგულაციები მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის უქმდება.

“დელტათი” გაზრდილი საფრთე

COVID-19-ის რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის გარდაცვალების მაჩვენებელი (CFR) საქართველოში იზრდება და უფრო მაღალია, ვიდრე შემოდგომაზე, მეორე ტალღის დროს იყო.

შემთხვევათა სიკვდილობის მაჩვენებელი საქართველოში, 2020 წლის 4 აპრილიდან 2021 წლის 22 ივნისის ჩათვლით. წყარო: Ourworldindata.org

ამ ვითარებაში ექიმები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ კორონავირუსის დელტა (ინდური) შტამის საფრთხეზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში წამყვანი შტამი ხდება და საქართველოშიც გავრცელდა. ის 40%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე საქართველოში დღეს დომინირებული ბრიტანული შტამი. ასევე, მას ახასიათებს ახალგაზრდების და ბავშვების იოლად დაინფიცირება.

“მობილობის გაზრდა და ადამიანების ერთად ყოფნის დროის გაზრდა პირბადის გარეშე, რა თქმა უნდა, ეპიდვითარების გაუარესების რისკს ზრდის, მით უმეტეს, რომ დელტა შტამი 5-6-ჯერ უფრო გადამდებია. ისედაც ვიცოდით, რომ აღმავალი მრუდი დაიწყებოდა აგვისტოს ბოლოდან, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც რესპირატორული დაავადებებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მაგრამ თუ ვამბობდით, რომ მეოთხე ტალღა იქნება როგორც მესამე, ახლა ამ რეგულაციით და ვაქცინაციის ამ ტემპით თუ წავედით, სამწუხაროდ, იქნება არა იგივე, არამედ უფრო მეტი — ახლა თუ საშუალოდ 1000 შემთხვევა გვაქვს, შემოდგომაზე გვექნება 2-3 ათასი და იმედს ვიტოვებ, მეტი არა”, – ამბობს კულუმბეგოვი.

რა არის გამოსავალი?

დახურულ სივრცეებში და მასობრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების მკაცრი მონიტორინგი, მასობრივი ვაქცინაციის სწრაფი ტემპი არის ის, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, შემოდგომაზე მოსალოდნელი მეოთხე ტალღას შეამსუბუქებს.

“ნეტგაზეთის” ყველა რესპონდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე, ხოლო გარე სივრცეში პირბადე მოიხსნან მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციის შემთხვევაში.

აკაკი ზოიძის აზრით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ორი ფაქტორი იმოქმედებს: უარყოფითი — ახალი შტამები, დადებითი — დიდ ქალაქებში მოსახლეობის მესამედს გადატანილი აქვს კორონავირუსი და გამომუშავებული აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი. მისი თქმით, თუ 2 თვის განმავლობაში 20%-ის აცრას შეძლებს, შემოდგომაზე მაღალი აფეთქება არ იქნება.

“მაგრამ ეს ჯერ თეორიებია. არ ვიცით, რამდენად შევძლებთ რეკომენდაციების დაცვას მას შემდეგ, რაც სავალდებულო არ იქნება პირბადე; რამდენად არ შესუსტდება კონტროლი თუნდაც პირბადეების ტარებაზე დახურულ სივრცეში, რასაც შარშან ზაფხულში ვხედავდით. შეზღუდვების შემსუბუქებით მოსალოდნელია, რომ მოიმატებს შემთხვევები, მაგრამ იმ დონეზე, რომ ვეღარ გაუძლოს სისტემამ, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია. თუ ზაფხულის განმავლობაში არ ჩავატარებთ მასობრივ ღონიძიებებს, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, თუ ადგილობრივ არჩევნებზე იგივე პროცესის გავლა მოგვიწევს, რაც შარშან, ეს, ალბათ, პრობლემა იქნება”, — ამბობს ზოიძე.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაა და ახლა მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად წარმატებულად შეძლებს მთავრობა ივლისში მასობრივი ვაქცინაციის წარმართვას და დღეში 15-20 ათასამდე ადამიანის აცრას. ლოჯისტიკის გარდა, ზოიძის აზრით, მთავარი გამოწვევა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან ორ-სამ თვეში დადგება, როცა ვაქცინის ატიურად მსურველთა რაოდნეობა, დაახლოებით 800 ადამიანი აიცრება, სხვებთან კი აქტიური კამპანიის წარმოება გახდება საჭირო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორ კვირაში საქართველოში ერთი მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა.

“2 კვირაში მილიონი დოზა არის ძალიან სერიოზული განაცხადი, ეს განსაზღვრავს ბევრ რამეს — თუ ეს შესრულდება, იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და თუ არ შესრულდება, პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იგრძნონ ადამიანებმა, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ”, — ამბობს კულუმბეგოვი.

ამ დროისთვის საქართველოში ჩატარებულია სულ 242 451 აცრა, აქედან ერთი დოზით აცრილია 155 320, ორი დოზით — 87 131. საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომე სრულად, ანუ ვაქცინის ორივე ინექციით, უნდა აიცრას 1 691 214 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი