ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება — რატომ?

4 ივნისი, 2021 • 4293
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება — რატომ?

COVID-19-ის რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის გარდაცვალების მაჩვენებელი(CFR) საქართველოში იზრდება და უფრო მაღალია, ვიდრე შემოდგომაზე, მეორე ტალღის დროს იყო. სამედიცინო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ანალიზი უნდა წარმოადგინოს და ნათელი მოჰფინოს აღნიშნული ტენდენციის მიზეზებს. სანამ ეს მოხდება, საკითხზე შინაარსობრივი მსჯელობა მხოლოდ ჰიპოთეზების დონეზეა შესაძლებელი.

რა არის CFR?

შემთხვევათა სიკვდილობის მაჩვენებელი(CFR) წარმოადგენს COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებსა და გარდაცვლილთა დადასტურებულ რაოდენობას შორის თანაფარდობას.

მისი გამოთვლისას კორონავირუსით გარდაცვლილთა დადასტურებული რიცხვი ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაზე იყოფა, მიღებული შედეგი კი 100-ზე მრავლდება.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ CFR-ის გამოთვლისას მხოლოდ ოფიციალურად აღრიცხული მონაცემები გამოიყენება. შესაბამისად, ის განსხვავდება ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებლისგან და ზუსტად არ განსაზღვრავს ვირუსით დაინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების რისკს.

როგორია CFR მაჩვენებელი საქართველოში?

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხით განვიხილავთ ხსენებულ მაჩვენებელს.

2 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს შემთხვევაში CFR 1.40%-ს შეადგენს. მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით დაბალია და ეს გარემოება “ნეტგაზეთის” არაერთმა რესპონდენტმა აღნიშნა.

თუმცა ის, რაც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილს კითხვებს უჩენს, არის CFR-ის ზრდის ტენდენცია უშუალოდ საქართველოში, მესამე ტალღის დროს.

შემთხვევათა სიკვდილობის მაჩვენებელი საქართველოში, 2020 წლის 4 აპრილიდან 2021 წლის 2 ივნისის ჩათვლით. წყარო: Ourworldindata.org

შემთხვევათა სიკვდილობის მაჩვენებელი საქართველოში, 2020 წლის 4 აპრილიდან 2021 წლის 2 ივნისის ჩათვლით. წყარო: Ourworldindata.org

“…ზოგადევროპულ მოცემულობაში საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. მთავარი საკითხი, რაც დგას, ეს არის ბოლო, მესამე ტალღის პერიოდში, სიკვდილობის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი.

უხეში სტატისტიკით, ყოველდღიურად ინფიცირებული 1 000 ადამიანიდან დაახლოებით 25-30 ადამიანი კვდება. ეს 2.5-3%-ია. ითვლება, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ის იხსენებს მეორე ტალღის პერიოდს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ამჟამინდელზე ბევრად მეტი ადამიანი ინფიცირდებოდა და იღუპებოდა. თუმცა კულუმბეგოვის ხაზს უსვამს, რომ მაშინ გარდაცვლილთა წილი უფრო დაბალი იყო.

“თუ ნოემბერსა და დეკემბერში, პირობითად, [ყოველდღურად] 5 000 ადამიანი გვყავდა ინფიცირებული, გარდაცვალების მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი, ყველაზე მეტი, იყო 51 ადამიანი, ანუ 1%, რაც ნორმალურია. თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ აქ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო თვალთახედვით.

ამიტომ, იმ საშუალო სტატისტიკით, რაშიც ახლა ვიმყოფებით — 1 000 ინფიცირებული, 1 234 თუ 1500 — გარდაცვალება უნდა იყოს 10-დან 15-მდე. [რეალურად] ერთი იმდენია. ამის ახსნაა საჭირო”, — დასძენს ის.

ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმაც დაწერა. მისი თქმით, CFR-ს ამჟამინდელი მაჩვენებელი “ძალიან უჩვეულოა” იმ ფონზე, რომ ჯანდაცვის სისტემაში “გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს”.

“ზუსტი კვლევები უნდა გამოქვეყნდეს”

მაია ბუწაშვილს ვკითხეთ, რა შეიძლება განაპირობებდეს ქვეყანაში CFR-ს ზრდას, კლების ნაცვლად. მისი თქმით, ამ პირობებში, როცა შესაბამისი კვლევები არ არსებობს, მხოლოდ ჰიპოთეზების წამოყენება შეუძლია.

“ერთ-ერთი ჰიპოთეზა შეიძლება ისიც იყოს, რომ დასაწყისში ოჯახები განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფებს. [სახლში რჩებოდნენ] ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონეები…

ინფიცირებულთა კოჰორტა იყო უფრო ახალგაზრდა, ჯანმრთელი პოპულაცია და, შესაბამისად, ისინი თავისით ჯანმრთელდებოდნენ. სიკვდილობა არ იყო მაღალი.

ახლა შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ცოტა მოდუნდა სიფრთხილე, დაიღალა ხალხი და უფრო მეტად გამოვიდნენ გარეთ მაღალი რისკის მქონე ადამიანები. მათში, შესაბამისად, სიკვდილობა მეტია.

ეს ერთი ვერსია და მეორე, შეიძლება, სხვა დიაგნოზებით ჰოსპიტალში შესული ადამიანები მეორადად ინფიცირდებოდნენ კორონავირუსით და მათში იყოს სწორედ გარდაცვალების შემთხვევები”, — დასძენს ის.

მაია ბუწაშვილი

ბუწაშვილის თქმით, დასკვნების გამოსატანად “ჯერ ზუსტი კვლევები უნდა გამოქვეყნდეს” და წარმოებდეს პერმანენტული ანალიზი, რომლის შედეგებსაც “მინიმუმ სამედიცინო საზოგადოებას უნდა აცნობდნენ”. ამავე პოზიციაზეა ბიძინა კულუმბეგოვიც:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ და თუნდაც ექსპერტულად იყოს სიტუაცია შეფასებული. სად ხდება ეს, რომელ რეგიონსა და კლინიკაში ხდება, სადმე რაიმე ლაფსუსი ხომ არ არის გამოსასწორებელი ან ექსპერტი ხომ არ არის გასაგზავნი…

ლოჯისტიკურად რამე პრეპარატის ნაკლებობა ხომ არ გვაქვს… ან ასაკობრივი სტრუქტურა,  რა ასაკობრივი პაციენტები გვეღუპებიან, თანმხლები დაავადებები რა როლს ასრულებს…

ჩვენ, რეალურად, გარდა მშრალი ციფრებისა, რომ გარდაიცვალა ამდენი და დაავადდა ამდენი, არაფერი ვიცით. ამიტომ, მეტ შინაარსობრივ მსჯელობაში შესვლის საშუალება არ გვაქვს”.

“ეს მატება არ არის დრამატული”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და პანდემიის კრიზისის დროს შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში CFR-ს დრამატული მატება არ შეინიშნება, მისი ზრდის ტენდენციას კი რამდენიმე შესაძლო მიზეზით ხსნის.

“საქართველო CFR-ით, მიუხედავად იმისა, რომ 1.4% აქვს, დღევანდელი მონაცემებითაც არის 36-ე ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ევროპის 35 ქვეყანას შორის, ყველა წამყვან ქვეყანაზე ნაკლებია ჩვენთან სიკვდილობა და მეტია გადარჩენა.

საქართველოსნაირი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნისთვის და იმ პირობებში, როცა ჩვენი ჯანდაცვა უფრო სუსტია, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების, კოვიდში 34 ევროპულ ქვეყანას აჯობო, ეს არის მიღწევა და არა — ჩავარდნა”, — დასძენს ის.

თენგიზ ცერცვაძეს ვკითხეთ, რით არის განპირობებული საქართველოში აღნიშნული მონაცემის ზრდა, რაც, მიუხედავად რიგი ქვეყნების მიმართ უპირატესობისა, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის კითხვებს ბადებს.

თენგიზ ცერცვაძე

სავარაუდო მიზეზებს შორის ის ასახელებს ვირუსის ახალი შტამების გაჩენასა და მათ თავისებურებებს. მისი სიტყვებით, CFR-მ “ბევრ ქვეყანაში მოიმატა”, რის გამოც სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც ამჟამად ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში დომინირებს, “ცოტა უფრო მძიმეა, ვიდრე წინა, ჩინური შტამი”.

“ვარაუდობენ, რომ ის უფრო ხშირად იძლევა მძიმე და კრიტიკულად მძიმე ფორმებს და, შესაბამისად, მეტი ავადმყოფი გარდაიცვლება. ეს არ არის ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული, არ ჩატარებულა დიდი კვლევები, თუმცა შთაბეჭდილება ასეთია, რომ ახლა უფრო მეტი ავადმყოფია მძიმე”, — აღნიშავს თენგიზ ცერცვაძე.

ე.წ. ბრიტანული შტამი, როგორც CFR-ს ზრდის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი საქართველოში, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვმაც ახსენა, თუმცა იქვე დასძინა, რომ “აღნიშნულ ვარიანტს ბრიტანეთში არ გამოუწვევია სიკვდილობის მკვეთრი გაზრდა. ამიტომ, ასე ამოვარდნილი კონტექსტით საქართველოში ვერ გაზრდიდა”.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე CFR-ზე საუბრისას ასახელებს, ქვეყანაში ვაქცინაციის ნელი ტემპია. მისი შეფასებით, “ეს არის ერთადერთი რგოლი, სადაც საქართველო კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩამორჩება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს”.

“იმ [ევროპის წამყვან] ქვეყნებს აცრილი ჰყავთ მოსახლეობის მესამედზე მეტი, ზოგიერთს — ნახევარზე მეტი. ცნობილია ასეთი რამ, რომ აცრა პირველ რიგში ამცირებს მძიმე ფორმებს და სიკვდილობას… ჩვენ სულ 5% გვყავს აცრილი.

….ბუნებრივია, იქ მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციამაც ხელი შეუწყო სიკვდილის შემთხვევების კლებას. ჩვენთან აცრილი 5% სიკვდილობაზე გავლენას ვერ მოახდენდა”, — დასძენს ცერცვაძე.

მიმდინარეობს თუ არა კვლევები?

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული საკითხი პროფესიონალების გასარჩევია და ღრმა ანალიზს მოითხოვს.

“ეს უნდა გაკეთდეს საავადმყოფოების მიხედვით, როგორ არის, რა ეტაპზე კვდებიან ადამიანები ძირითადად, არის თუ არა დაგვიანებული მიმართვიანობა საავადმყოფოებში, როგორ ხდება მიმართვიანობის ანალიზი, რა ეტაპზე მიმართავენ საავადმყოფოს და როგორ ხდება შემდგომ მათი არაინტენსიურ განყოფილებებში მოვლა”, — აღნიშნავს ის.

მისი თქმით, “დაავადებათა კონტროლის ცენტრს” აქვს გარკვეული მონაცემები, თუმცა შიდა მოხმარებისთვის.

“უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, როგორც მე ვიცი, თვითონ სამინისტროს”, — დასძენს გამყრელიძე.

სიკვდილიანობის მაჩვენებლის ანალიზთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოების ზემოხსენებულ წარმომადგენელთა მოსაზრებაზე თენგიზ ცერცვაძესაც ვკითხეთ. მისი თქმით, კლინიკური ჯგუფი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ამჟამად რაიმე სახის კვლევას არ ახორციელებს, ვინაიდან ამ ეტაპზე არც შესაბამისი რესურსი არსებობს და არც “საჩქაროდ ჩასატარებელი კვლევის” აუცილებლობა:

“ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ მონაცემებზე დაკვირვებას და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სერვისების მიწოდება, მომსახურება. დაკვირვებას ვახდენთ, სად არის სუსტი ადგილი მომსახურებაში.

[გახსოვთ], მეორე ტალღის დროს როგორი პრობლემები იყო, სასწრაფო იგვიანებდა, ოჯახის ექიმებთან კომუნიკაცია ჭირდა, ადგილები ჭირდა ჰოსპიტალში… ახლა არავითარი ასეთი პრობლემა არ არის.

ეს იმხელა საქმეა, ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ… დღეს ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვუნდებით ავადმყოფთა მიღებასა და მათ გადარჩენას. რაიმე კვლევისთვის ამჟამად დრო არ რჩება. მესამე ტალღა როცა ჩაივლის, შემდეგ შეჯამდება”.

თენგიზ ცერცვაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ შესასწავლია ვითარება კონკრეტულ რეგიონებსა და კლინიკებში სიკვდილიანობის კუთხით. თუმცა, კვლავ დასძენს, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდება.


პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 346 983 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს, ჯამში, 4 853 ადამიანი ემსხვერპლა.

იმნაძის თქმით, ორჯერ აცრილთა მხოლოდ 0.2%-ს დაუდგინდა COVID-19

მასალების გადაბეჭდვის წესი