ახალი ამბები

მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გასვლას აანონსებს

23 ივნისი, 2021 • 1898
მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გასვლას აანონსებს

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კახა ოქრიაშვილმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გასვლა დააანონსეს. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის სხდომისას ისაუბრა, მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა ოქრიაშვილმაც.

“ჩვენ ახლა ვიხილავთ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო კოდექსში ცვლილებებს და, მე ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთი ცვლილების განხილვას, როცა დღეს მოვისმინეთ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ თქვენ [მმართველი პარიტა] აგრძელებთ და აპირებთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. მინდა გითხრათ, რომ ეს არის იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელზეც მოვაწერეთ ხელი, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში.

ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა და მინდა გავაჟღერო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ “ქართული ოცნება” მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო”, — განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, გაუგზავნის შეტყობინებას პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში ჩართულ ელჩებს, რათა მათ უთხრას, რომ “ოცნების” ქმედება მოლაპარაკებების პირობების დარღვევაა.

“არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ამ ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც იმართება ერთი კაცის მიერ და არის პოლიტიზირებული. თუ ჩვენ გვინდა ხვალინდელი ძლიერი ქვეყანა და სახელმწიფო შევქმნათ, კეთილი ვინებოთ ყველამ, არამარტო თქვენ, რომ დადებულ ხელშეკრულებებს, საერთაშორისო დონის ხელშეკრულებებს ვცეთ პატივი. თავს არავის მოვატყუებინებთ და ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფასიან პოლიტიკურ სვლებს.

ეს არის იაფასიანი პოლიტიკური სვლები. ჩვენ აქ იმისთვის ვართ მოსული, რომ ვიმსჯელოთ ხვალინდელ დღეზე და თუ ხელშეკრულების პატივისცემა არ იცით, თუ ხელშეკრულების შესრულება არ იცით, მოგიწევთ, ეს ხელშეკრულება თქვენ თვითონ წეროთ ცალკე, ჩვენ გარეშე”, — განაცხადა ხაზარაძემ.

აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდა კახა ოქრიაშვილიც. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არალეგიტიმური ნაბიჯი გადადგა და “აყალბებს სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს”.

“ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში!”, — განაცხადა ოქრიაშვილმა.

დღეს, 23 ივნისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისიწნებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.


2021 წლის 19 აპრილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც სასამართლო რეფორმას ითვალისწინებდა.

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა”, — ნათქვამია 19 აპრილის შეთანხმებაში.

“ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ტექსტის შესაბამისად მოქმედება “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო, 24 მარტს წარადგინა და აპრილში მიიღო “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; შემოღებულ იქნა გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი