ახალი ამბები

“ოცნება” მოსამართლეთა შერჩევას არ შეაჩერებს

23 ივნისი, 2021 • 1138
“ოცნება” მოსამართლეთა შერჩევას არ შეაჩერებს

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისიწნებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

19 აპრილის შეთანხმების თანახმად:

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ტექსტის შესაბამისად მოქმედება “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო, 24 მარტს წარადგინა და აპრილში მიიღო “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; შემოღებულ იქნა გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილის შეთანხმებაში უცველელი სახით დარჩა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გარემოების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მიიღეს თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოეწერათ ხელი და ანგარიში გაუწიეს ამ თხოვნას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა:

  • ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი;
  • პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას;
  • ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

“პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებს და არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, ყველა მხარე იმთავითვე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში.

“აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს. პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ “ქართული ოცნება” ბოლომდე იცავს შეთანხმებას.

“ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, შეთანხმების მედიატორი დიპლომატები, როგორც ჩანს, არ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მის ხელმოწერამდე შესრულებული იყო. 22 მაისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას წერილი მისწერეს, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება შეახსენეს და თქვეს, რომ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, შესაბამისი რეფორმების გატარებამდე, უნდა შეჩერდეს.

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრი მაინც აირჩია. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა.

მოსამართლეთა დანიშვნა: ელჩების შეხსენება კუჭავას და პასუხი “ოცნებიდან”

მასალების გადაბეჭდვის წესი