ახალი ამბები

200-ლარიანი დახმარებების უკანონოდ მიღების ბრალდებით სუს-მა 3 პირი დააკავა

22 ივნისი, 2021 • 1052
200-ლარიანი დახმარებების უკანონოდ მიღების ბრალდებით სუს-მა 3 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, (სუსი) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობითვე, ბრალდებულებმა ერთ-ერთ ინდმეწარმესთან რამდენიმე ადამიანი ფორმალურად დაასაქმეს იმისთვის, რომ პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული 200-ლარიანი დახმარება მიეღოთ. სუსი აცხადებს, რომ მათთან ფორმალურად დასაქმებულ პირებს ბრალდებულები ე.წ. “ატკატის” სახით 100 ლარს ართმევდნენ, ჯამში კი, ბრალდებულებმა ამ გზით ბიუჯეტიდან 10 ათას ლარზე მეტი მიიღეს.

“გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის ინდმეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდმეწარმესთან 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას.

აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.

ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200- ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. „ატკატის“ სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდმეწარმესთან და, შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი