2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ორი წელიწადი გავიდა. ორი წლის წინ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ხელისუფლებამ დაშალა აქცია, რასაც ათობით ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა. მათ შორის ნაწილმა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა, ნაწილი კი მინიმალური სინათლის დანახვისთვის დღემდე იბრძვის.
სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა. ამ დრომდე ერთი თვალიდან ვერ ან მხოლოდ ნაწილობრივ ხედავენ დემეტრე ნაყოფია, დავით ქურდოვანიძე და გიორგი ბულისკერია. კობა ლეთოდიანმა კი, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, რეზინის ტყვიებმა მეორე თვალი დაუზიანა და სრულად წაართვა მხედველობა. მხედველობა არ დაუკარგავს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ლუკა პეტრიაშვილმაც.
საქმის გარშემო არსებული ფაქტების და შედეგების მიუხედავად, ამ დრომდე არცერთი სამართალმდაცავი ან იმჟამინდელი თანამდებობის პირი არ არის დასჯილი. რამდენიმე თვის წინ კი, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, აქტიურად განიხილება 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ადამიანების ამნისტიის საკითხი. ევროპული პარლამენტის პრეზიდენტის ფასილიტაციით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტს მუშაობას შეუერთდნენ.
დაშავებულების ცხოვრების ორი წელიწადი
დემეტრე ნაყოფია
დემეტრე ნაყოფიას 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა, მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და ისრაელში. ექიმებმა თვალის მთლიანობის შენარჩუნება შეძლეს, თუმცა ამ თვალით ამჟამად მხოლოდ შუქს და ჩრდილებს აღიქვამს. ისრაელში მკურნალობისას ექიმებმა დემეტრეს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო შემთხვევაში მისთვის მხედველობის მხოლოდ 20-30%-ის დაბრუნებაა შესაძლებელი.
დემეტრე მსახიობია. ორი წლის წინ ორ თეატრში მუშაობდა, ჰქონდა საკუთარი შემოსავალი და აქტიურად ვითარდებოდა მისი კარიერაც. 20 ივნისის ღამემდე რამდენიმე კვირით ადრე პირველ სოლო სპექტაკლშიც ითამაშა, 20 ივნისის შემდეგ კი ერთი თეატრის დატოვება მოუწია, ხოლო მეორეგან მხოლოდ ერთ სპექტაკლში მოახერხა თამაში.
“მე თვითონ, როგორც მსახიობს, მეუხერხულება… თამაშისას ის მომენტი მაქვს, რომ მაყურებელთან არ ვარ ბოლომდე გულწრფელი. განცდა გამიჩნდა, რომ მაყურებელმა ბილეთის ფული გადაიხადა და იქ მსახიობი ხვდება ცალი თვალით, მე თვითონ არ მგონია თავი მართალი. აქედან გამომდინარე ცოტა ხანი თავს ვიკავებ. რეჟისორობაზეც ვფიქრობდი, მარგამ არ მომწონს ეს პოზიცია. არ ვიცი, რა იქნება”, – უყვება “ნეტგაზეთს” დემეტრე.
თვალის პრობლემების შედეგად დემეტრე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, თავიდან საკუთარ თავში ჩაიკეტა და ასოციალურიც გახდა. დროთა განმავლობაში ამ პრობლემასთან გამკლავება შეძლო, თუმცა სიტყვებით უჭირს განვლილი ორი წლის აღწერა.
“საშინელი ორი წელი გავატარე. არც დრამის დადგმას ვცდილობ და არც “ტანჯული” ადამიანის იმიჯის მორგება მინდა, მაგრამ საშინელება იყო ეს ორი წელიწადი. ფიქრები, განცდები, ღამით გეღვიძება, შფოთვითი აშლილობა, არც ვიცი, რა ჰქვია ამ ყველაფერს, მაგრამ იმდენი მაინც მესმის, რომ დავარქვა მძიმე ორი წელიწადი”, – ამბობს დემეტრე.
მიუხედავად იმისა, რომ თვალის გამო დემეტრეს კარიერაში ხელი შეეშალა და შემოსავლის გარეშეც მოუწია დარჩენა, ხელისუფლების მხრიდან მკურნალობის ხარჯების გარდა არავითარი ფინანსური მხარდაჭერა არ ჰქონია. სამკურანლოდ კი რამდენჯერმე იყო წასული ისრაელში, შემდეგ მსოფლიოში პანდემია დაიწყო, შეწყდა ფრენები და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შეწყდა დაშავებულებთან კომუნიკაციაც. დემეტრეს თქმით, განსაკუთრებით რთული სწორედ ეს პერიოდი აღმოჩნდა მისთვის.
როგორც ის გვიყვება, თავდაპირველად კომუნიკაციის შეწყვეტას პანდემიას უკავშირებდა, შესაბამისად, “რაღაც მხრივ ესმოდა სამინისტროსიც”. მაგრამ 2020 წლის მაისში შეიტყო, რომ მისი ნაცნობი ისრაელში წავიდა და იფიქრა, თავადაც შეძლებდა მკურნალ ექიმთან ვიზიტს. თუმცა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მისი ისრაელში გაშვება ვერ მოხერხდებოდა, სანაცვლოდ კი გერმანიაში გაშვებას სთავაზობდნენ.
“დასამატებელი იყო სილიკონი, რაღაც პროცედურები იყო ჩასატარებელი და დრო გადიოდა, ახლაც გადის დრო… მე კიდევ რაღაცნაირად ვუკავშირდებოდი ჩემს ექიმს ისრაელში. მე ვუკავშირდებოდი ჯანდაცვის სამინისტროს მაგივრად და რაღაც რჩევებს მაძლევდა, დღემდე მაძლევს რჩევებს სრულიად უსასყიდლოდ. უხეშად რომ ვთქვათ, არც ეკუთვნით და მაინც ძალიან ჩართული არიან და ქომაგობენ ჩემს სიტუაციას.
სამინისტროდან წელს თებერვალში მითხრეს, რომ ისრაელში ვერ მიშვებდნენ და კიდევ გერმანია შემომთავაზეს. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ გერმანიაში წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ისრაელში მყავდა მკურნალი ექიმი, რომელსაც ჰქონდა თავისი გათვლები მკურნალობაზე. მე ხაზს ვუსმადი, რომ ეს იქნებოდა ტყუილი ფულის ხარჯვა. ვუთხარი კიდეც ეს. იმიტომ, რომ ინტერვიუ ჰქონდათ მიცემული უკვე, “ჩვენ ამდენი და ამდენი დავხარჯეთო” და ვუთხარი, თუ იმისთვის მიშვებთ გერმანიაში, რომ კიდევ თანხას მიუმატოთ, რამდენი დახარჯეთ, ეს ხომ სისულელეა-მეთქი”, – ამბობს დემეტრე.
როგორც დემეტრე ჰყვება გერმანიაში ვიზიტმა მართლაც უშედეგოდ ჩაიარა და ახლა კვლავ ისრაელში წასვლას ელოდება. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობაზე ალექსანდრე კალანდიამ ჩაანაცვლა, რომელთან კომუნიკაციის პრობლემაც დაშავებულებს აღარ აქვთ.
ნათია ლეთოდიანი მამის, კობა ლეთოდიანის შესახებ
ნათია ლეთოდიანის მამამ, კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი წლების წინ აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე კი 2019 წლის 20 ივნისის ღამეს დაუზიანდა. მას შემდეგ ის ვერც ერთი თვალიდან ვერ ხედავს. თუმცა, როგორც ნათია ამბობს, 52 წლის კაცი და მისი ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ კობა ლეთოდიანს 2 წლის წინ დაზიანებულ თვალში მხედველობა ნაწილობრივ მაინც აღუდგება.
თავად კობა ლეთოდიანი ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მისი შვილი, ნათია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია იმ ადამიანებს შორის, ვინც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საჯარო სივრცეში დაშავებულების პრობლემებზე საუბრობენ. დემეტრეს მსგავსად, ნათიასაც უჭირს განვლილი ორი წლის სიტყვებით გადმოცემა, თუმცა ამბობს, რომ ეს პერიოდი კობასთვის და მისი ოჯახისთვის უმძიმესი იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, მამის ჯანმრთელობის მხრივაც.
“20 ივნისის შემდეგ მამა სრულიად უუნარო გახდა. არ შეუძლია მუშაობა. უმეტესად არის სახლში, სახლიდან ვერ გადის და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას”, – ამბობს ნათია.
სხვა დაშავებულების მსგავსად, გასულ წელს უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების პრობლემა კობა ლეთოდიანსაც შეექმნა. მიზეზი იგივეა, რაც სხვების შემთხვევაში – ჯანდაცვის სამინსიტროს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობა. ნათიას თქმით, ექიმთან ყოველ 6 თვეში ერთხელ ვიზიტი მამის მხედველობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ამის მიუხედავად, თითოეული უცხოეთში გამგზავრება ბრძოლის ფასად უჯდებოდათ.
“ყოველ ექვს თვეში ერთხელ წასვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მამაჩემის თვალში ოდესმე სინათლე და მხედველობა რაღაც პროცენტით მაინც აღდგეს. დროის გაწელვა და რაღაც აბსურდული მიზეზების მოძიება ჯანდაცვის სამინსიტროს მხრიდან ყოველდღიური ნაბიჯია სრული უსინათლობისკენ. ჩვენი პირადი მოთხოვნა კი არ არის ყოველ 6 თვეში ერთხელ ისრაელში წასვლა, მართლა აუცილებელია, რომ რამე არ შეიცვალოს, რამე არ ჩამოიშალოს და რაღაც ხავსს მოვეჭიდოთ და ეს ხავსი არ გამოგვეცალოს ხელიდან. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება და დროული რეაგირება”, – განმარტავს ნათია.
თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა, ახალი ხელმძღვანელი მეტ ყურადღებას იჩენს დაშავებულების მიმართ და უახლოეს მომავალში კობა ლეთოდიანის ისრაელში ვიზიტი იგეგმება.
გიორგი სულაშვილი
20 ივნისის ღამეს გიორგი სულაშვილს რეზინის ტყვია სახის არეში მოხვდა, რის შედეგადაც დაკარგა თვალი და ჩაემსხვრა სახის ძვლები. როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე სახის თითქმის ნახევარი სამედიცინო ჩარევების შედეგად “თავიდან აუწყვეს”, მათ შორის ჩაუსვეს თვალის პროთეზიც, თუმცა იმისთვის, რომ თვალი ვიზუალურად ძველ ფორმას დაუბრუნდეს, სხვა ოპერაციებიც უნდა ჩაიტაროს.
20 ივნისის ღამემდე გიორგი “რუსთავი 2”-ის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ბოლო ორი წელია გაუსაძლისი ტკივილების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მუშაობას ვერ ახერხებს. დემეტრეს მსგავსად, სახელმწიფოსგან უცხოეთში მკურნალობის ხარჯების გარდა სხვა ფინანსური დახმარება არც გიორგის მიუღია:
“ჩემი სამსახურის გარდა არავინ დაინტერესებულა, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, როგორ ვახერხებთ თავის რჩენას. ძველი სამსახურიდან ხელფასის სახით მერიცხება ავანსი, ანაზღაურება, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ჩემი ძველი დამსაქმებლის სურვილია, რაზეც ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ხელისუფლებიდან კი არავინ დაინტერესებულა ჩემი ჯანმრთელობით, როგორ ვიყავი, თავს როგორ ვგრძნობდი. ასე მარტოებს გვიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება, მარტოები ვართ ამ ომში დარჩენილი”, – ამბობს გიორგი.
როგორც გიორგი გვიყვება, გამკლავება ბევრ რაღაცასთან უწევს. ყოველთვის ახსოვს 20 ივნისის ღამე, შემდეგ, კლინიკაში გატარებული პერიოდი, რვა ოპერაცია, წამლები, ბრაზი, უსამართლობის შეგრძნება, მუდმივი ფიზიკური ტკივილები, მოლოდინი, ოპერაციებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთან ბრძოლა, რომ ექიმების დანიშნულების შესაბამისად უცხოეთში დროულად გაემგზავროს.
“გამუდმებით მაქვს ტკივილები, ძალიან მძიმეა ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რის გამოც არ შემიძლია ამა თუ იმ სამსახურში მუშაობა. დღეში რამდენჯერმე მიწევს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების დალევა, რომ თუნდაც რამდენიმე საათით მაინც გამიყუჩოს ეს ტკივილები. ფაქტობრივად, ნახევარი სახე და თავი მტკივა”, – ამბობს გიორგი.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მკურნალობის შუა ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან კომუნიკაცია შეწყდა და გერმანიაში კიდევ ერთ ოპერაციაზე წასვლა უდიდეს ძალისხმევად დაუჯდათ მას და მაკო გომურს.
“ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა, როდესაც ხარ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ისედაც ძალიან დიდი სტრესია გერმანიაში თითოეული წასვლა. ყველა ოპერაციაზე არის რისკი, რომ ვეღარ გამოვიდე ნარკოზიდან, რადგან არცთუ ისე ცოტა ოპერაცია გადავიტანე და თითოეული ოპერაცია არის უფრო რთული და რთული. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ფიზიკურ ტკივილზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი”, – გვიყვება გიორგი.
ამნისტია
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე 2021 წლის აპრილში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შექმნილ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიზანიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იყო. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ოპოზიცია აცხადებდა, რომ შეთანხმების თანახმად ამნისტია უნდა შეხებოდა მხოლოდ 3 ბრალდებულ პოლიციელს და არა სისხლის სამართლის კოდექსის თითქმის ყველა მუხლს, მათ შორის, მომავალში გამოვლენილ დანაშაულებს. ხელისუფლების არგუმენტი კი არის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება მოიცავს ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევისა და დაკავების ამნისტიას.
შეთანხმების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ ორი სხვადასხვა კანონპროექტი დაარეგისტრირა. პარლამენტმა მიმდინარე თვეში მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. “ქართული ოცნების” კანონპროექტი კი ორი მოსმენით მიიღო, თუმცა საბოლოოდ დასამტკიცებლად საჭიროა კიდევ ერთი, საბოლოო კენჭისყრა.
მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ამნისტიის შესახებ არსებული პუნქტი გააკრიტიკეს 20 ივნისს დაშავებულებმა. მათ ამის შესახებ შარლ მიშელსაც გაუგზავნეს წერილი.
წერილზე ხელმომწერთა სიაში იყვნენ დემეტრე ნაყოფია, გიორგი სულაშვილი და კობა ლეთოდიანი.
გიორგი სულაშვილი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ ამნისტიის კანონი კონკრეტულ ადამიანებზეა მორგებული და მხოლოდ მათი ქმედებების გადაფარვას ემსახურება:
“20 ივნისს ამნისტიამ ჩემში ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია და უფრო კარგად მიმახვედრა იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მეორეხარისხოვნები ვართ და ჩვენზე არავინ ფიქრობს, ჩვენს შეგრძნებებს არავინ აფასებს. ზოგადად, ამნისტიის პუნქტზე ისე მოაწერეს ხელი, რომ 20 ივნისს დაშავებულებისთვისაც კი არ უკითხავთ”, – ამბობს გიორგი სულაშვილი.
ის მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მიღება მხოლოდ 20 ივნისის საკითხს არ შეეხება და ის იქნება ზოგადი კანონი, რომ მომავალში თუ მოხდება ისეთი შემთხვევა, როგორიც იყო 20 ივნისი, დამნაშავეები არ დაისჯებიან.
ამნისტიის პუნქტი მიუღებელია დემეტრე ნაყოფიასთვისაც. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ის განმარტავს, რომ ამ საკითხზე ერთნაირად პასუხისმგებელია როგორც “ქართული ოცნება”, ასევე ოპოზიციაც, რადგან შეთანხმებაზე ორივე მხარის ხელმოწერაა.
დემეტრეს თქმით, მისთვის კონკრეტული ადამიანების დაკავება და ციხეში ჩასმა პრიორიტეტი არ არის, თუმცა სურს იცოდეს, ვინ არის დამნაშავე მისი ჯანმრთელობის შერყევაში.
“დღემდე არ ვიცი, ვინ არის პასუხისმგებელი, ერთი მხარე მეორეს ადანაშაულებს, მეორე- პირველს, ამასობაში მე არც ერთ მხარეს ვარ და არც მეორეს. უბრალოდ, როგორც მინიმუმ, ღირსი ვარ, რომ ვიცოდე, ვინ ისროლა, ან ვინ გასცა ბრძანება”, – განმარტავს დემეტრე.
კობა ლეთოდიანის შვილი, ნათია ლეთოდიანი ამნისტიის პუნქტს აბსურდულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის განხილვა უსამართლობაა.
“იმ პირობებში, როცა წესიერი გამოძიება არ ჩატარებულა ამ თემაზე, დასჯილი არავინ არის, ბრალი მხოლოდ 3 ადამიანს აქვს წაყენებული და ისინიც გირაოთი არიან გამოშვებული. დაზარალებულის სტატუსი არ აქვს თვალდათხრილ ადამიანთა უმეტესობას და ამ დროს პოლიციელთა უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. აი, ამ პირობებში როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე, მართლა არ ვიცი, რა რეაქცია უნდა გვქონდეს. იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, რომ მამაჩემსაც კი არ ჰქონია რეაქცია. ტელევიზორთან იჯდა, ხელი ჩაიქნია, ადგა და სხვა ოთახში გავიდა”, – გვიყვება ნათია.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ამნისტიით დაშავებულებს ერთმევათ შესაძლებლობა გაიგონ, ვინ არის მათი ჯანმრთელობის დაზიანებაში დამნაშავე, ქმნის სამომავლო რისკებსაც, რომ 20 ივნისს დაშავებული ადამიანების მკურნალობის დაფინანსება შეწყდეს და ამის შემაჩერებელი ბერკეტი აღარ იარსებებს.
“ამნისტიის კანონის დამტკიცების შემდეგ სახელმწიფო ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიხსნის და იტყვიან, რომ აღარ არიან ანგარიშვალდებული დაშავებულების წინაშე. არ იქნება აღარც მკურნალობა, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საერთოდ არ გვაინტერესებს, ვინ იქნება ციხეში და ვინ არა, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების თვალებში სინათლე გამოჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამნისტიის შემდეგ სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას მოიხსნის”, – ამბობს ნათია.
ლეთოდიანი ამ საკითხში ოპოზიციასაც ადანაშაულებს. მისი თქმით, იმედი ჰქონდა, ოპოზიცია შეთანხმების ფარგლებში ხალხის უფლებებს დაიცავდა და ხელს არ მოაწერდა დოკუმენტის იმ ფორმას, სადაც 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.
რა ეტაპზეა 20 ივნისს დაშავებულების საქმეები
20 ივნისს დაშავებული ადამიანების უმეტესობის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. სარჩელი შეტანილია როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, ევროპულ სასამართლოშიც.
ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა. გაგზავნილი საჩივრები, ჯამში, 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე დავობენ.
18 ივნისს ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სტრასბურგის სასამართლოს მიერ სახელმწიფოსთვის დასმული შეკითხვებია:
- მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუ არა მომჩივნები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს?
- ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი? რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?
- მომჩივნების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი, როგორც ჟურნალისტები, აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?
- მოხდა თუ არა მომჩივნების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციის მე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?
- ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი?
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.
გარდა უფლებების დარღვევის შესახებ შეკითხვებისა, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატების მოთხოვნა და საქართველოს მთავრობას დაავალა, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. საია-ს ადვოკატები აცხადებენ, რომ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა დაზარალებულებს არ რთავს ნებას, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან მხოლოდ 3-ს აქვს მინიჭებული.
“იმ პირობებში, როდესაც ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების საჩივრების არსებითი განხილვა, საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით. ამნისტიის შესახებ კანონი საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულებას”, — ნათქვამია საია-ს მიერ 18 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს, როგორც საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა ლოლაძემ განმარტა “ნეტგაზეთთან”, ამ ეტაპზე სასამართლოში 7 ადამიანის სარჩელი აქვთ შეტანილი და მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მოპასუხე მხარე არის შინაგან საქმეთა სამინსიტრო.
“ზოგიერთ შემთხვევაში ვითხოვთ როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას, ზოგან მხოლოდ მატერიალურის, ზოგან – მხოლოდ მორალურის. ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე ბენეფიციარები ითხოვენ მორალურ ზიანს და ვისაც მიმდინარე პერიოდში სჭირდება მკურნალობა, ოპერაციები და სხვა, ამ ხარჯების დაფარვასაც ვითხოვთ”, – განმარტა ლოლაძემ.
მისი თქმით, საქმეების განხილვა ამ ეტაპზე დაწყებულია. რამდენიმე დაშავებულის საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომაც გაიმართა, რამდენიმე კი მიმდინარე თვეშია დანიშნული. ამასთან, იურისტის თქმით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საიამ რამდენიმე დაშავებულის საქმის მასალები გამოითხოვა პროკურატურიდან.
გარდა ამისა, ლოლაძის განცხადებით, საია სასამართლოში სისხლის სამართლის მიმართულებითაც იცავს დაშავებულების ინტერესებს და მათთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებას ითხოვს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ბენეფიციარებს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ 3 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, მათ შორის არიან გიორგი სულაშვილი და მაკო გომური. ერთ მოქალაქეს კი დაზარალებულის სტატუსი 2021 წლის 11 ივნისს მიენიჭა.
“ბენეფიციართა უმეტესობის შემთხვევაში საქმის მასალებს არ ვიცნობთ, რადგან ისინი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არიან აღიარებულები. შესაბამისად, არ ვიცით, რა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განახორციელა პროკურატურამ. იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, სტატუსის მინიჭება დიდ ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. ამ ეტაპზე არ არის თვალსაჩინო, რატომ ვერ ხდება ამდენი ხნის განმავლობაში რეალური ნაბიჯების გადადგმა.
არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ამ პერიოდში აქტიურად მიმდიანრეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები და ეს გაჭიანურება მართლაც ობიექტურად ხდება იმიტომ, რომ დიდია საქმე და რთულად გამოსაძიებელია, თუ უბრალოდ სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ნება. სწორედ ამ გაჭიანურებული პროცესიდან გამომდინარე წარვადგინეთ საქმეები სტრასბურგში”, – განმარტავს ლოლაძე.
მისი განცხადებით, 20 ივნისს დაშავებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით გენერალური პროკურატურა გამოკვეთავს, რომ კონკრეტული ადამიანები დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაშავდნენ. ლოლაძის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, თუმცა ეს დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებს მისცემთ იმის უფლებას, რომ გაეცნონ საქმის მასალებს, რომლის საფუძველზეც გამოძიების მიმდინარეობის შეფასების შესაძლებლობა მიეცემათ.
გარდა ამისა, ლოლაძის თქმით, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეში სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ეს სტატუსი.
“ნეტგაზეთი” საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა იმ ინფორმაციის მისაღებად, თუ რამდენ ადამიანს აქვს მინიჭებული ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ გასცემენ.
“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც. სსიპ-სგან გვსურდა მიგვეღო ინფორმაცია, თუ რა სახით და სტატუსით გააგრძელებდა სამინისტრო ამნისტიის შემდეგ 20 ივნისს დაშავებული ადამიანების მკურნალობის ხარჯების დაფარვას. სსიპ-ში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა, რომლის მიღების შემდეგაც მასალა განახლდება.