ახალი ამბები | ,

20 ივნისს დაშავებულებმა ამნისტიასთან დაკავშირებით მიშელს წერილი მისწერეს

21 აპრილი, 2021 | | 1256
20 ივნისს დაშავებულებმა ამნისტიასთან დაკავშირებით მიშელს წერილი მისწერეს

20 ივნისს დაშავებულმა 11-მა ადამიანმა შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დოკუმენტის ის ნაწილი გააპროტესტეს, სადაც საუბარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება, გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა დასრულდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დავები. დაშავებულები ამის ორ მიზეზს ასახელებენ:

  1.  ეს ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, გაექცეს პასუხისმგებლობას;
  2. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ უფლება, ჩვენი სახელით ისაუბრონ იმ დანაშაულების ამნისტიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მოხდა.

“ვფიქრობთ, რომ ამნისტია მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ მოხდება და მისცემს მათ შესაძლებლობას, გაექცნენ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. როგორც გარეთიანება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას წინა პლანზე აყენებს, გთხოვთ, გადახედოთ შეთანხმების ამ პუნქტს. როგორც 20 ივნისის მსხვერპლები, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იურიდიული გზით ჩვენი უფლებების დარღვევისთვის”, — მიმართავენ 20 ივნისს დაშავებულები შარლ მიშელს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ადამიანს აქვს დაზარალებულის სტატუსი, 50-ზე მეტი აქტივისტი კი კვლავ აგრძელებს ბრძოლას დაზარალებულის სტატუსის მოსაპოვებლად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან, რათა მიიღონ კომპენსაციები ფიზიკური და მორალური ზარალისთვის.

აღნიშნულ წერილს ხელს აწერს 11 დაშავებული, მათ შორის, მაკო გომური, გიორგი სულაშვილი, კობა ლეთოდიანი, ირაკლი ხვადაგიანი, ირაკლი ფავლენიშვილი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჭიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულესკერია, ლუკა პეტრიაშვილი და თამარ ბაღაშვილი.

ირაკლი ხვადაგიანმა, ირაკლი ფავლენიშვილმა და კობა ლეთოდიანის შვილმა, ნათია ლეთოდიანმა წერილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიიტანეს.

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი