ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამორიცხულია ექსპერმიერ გიორგი გახარიას დაპატიმრება.
ტვ პირველის ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, გახარიაზე გაკეთებული განცხადებით კობახიძემ შეამზადა თუ არა ფონი მის დასაჭერად, განაცხადა:
„არა, ეს მიმართულება გამორიცხულია“.
კითხვაზე, თუ ის შეთქმულებას აწყობდა და ალტერნატიულ მთავრობას აყალიბებდა, როგორც ამაზე კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა რუსთავი 2-ის ეთერში, რატომ ამბობს, რომ გახარიას დაკავება გამორიცხულია, კობახიძემ უპასუხა:
„ასეთ დროს სამართლებრივად უნდა არსებობდეს მყარი მტკიცებულება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით [მოხდეს ბრალის წარდგენა და დაპატიმრება]“.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს, კობახიძემ თქვა: „არა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მტკიცებულება, რაც არის საკმარისი, რომ ადამიანს წაუყენო პოლიტიკური ბრალი. სამართლებრივი ბრალის არის სხვა ბრალი“.
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თებერვალში პარტიაში მიიღეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოსვლას და „ალტერნატიული მთავრობის შექმნას“ გეგმავდა; მისი თქმით, ამას საეჭვოდ დაემთხვა გახარიას პოზიციის მოულოდნელი ცვლილება ნიკა მელიას დაკავების საკითხზე.
ამ განცხადებაზე პასუხად გიორგი გახარიას პარტიამ, „საქართველოსთვის“, კობახიძის აღნიშნულ კომენტარებზე დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება მოითხოვა და ბრალდებას აბსურდული უწოდა.
გუნდურობის მაგალითია – კობახიძე განმარტავს, რატომ აქებდა გახარიას წარსულში
პრიმიტიული ტყუილები – ქემოკლიძე კობახიძის ბრალდებაზე გახარიას მიმართ