ახალი ამბები

გუნდურობის მაგალითია – კობახიძე განმარტავს, რატომ აქებდა გახარიას წარსულში

14 ივნისი, 2021 • 1087
გუნდურობის მაგალითია – კობახიძე განმარტავს, რატომ აქებდა გახარიას წარსულში

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ აქებდა წარსულში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ახლა კი მას აკრიტიკებს.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ის ამ ცვლილებას გუნდურობასა და თანაგუნდელის მხარდაჭერას უკავშირებს.

ინტერვიუს მიმდინარეობისას ირაკლი კობახიძეს რამდენიმე ამონარიდი აჩვენეს, მათ შორის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების ღონისძიებაც. ამ დღეს კობახიძე გახარიას აღწერს, როგორც „ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი“.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რის გამო შეცვალა დამოკიდებულება და საჯარო განცხადებები ქებიდან კრიტიკამდე.

„ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ასევე გუნდის სხვა წევრების განცხადებებიც, არის გუნდურობის საუკეთესო გამოვლინება. როდესაც ხარ კონკრეტული გუნდის წევრი, შენ გმართებს შენი გუნდის ინტერესების დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა. ეს არის გუნდურობის მაგალითი, ბუნებრივია,“ – ამბობს კობახიძე.

ის დასძენს, რომ მაშინაც არსებობდა „გარკვეული კრიტიკული კითხვის ნიშნები და საკითხები“, მაგრამ გარდამტეხი 17-18 თებერვლის მოვლენები და გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

„ანუ რაც შეეხება ღალატს და ამ პრობლემას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, და ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ 17 თებერვლამდე, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთიანი გუნდის წევრი, და ეს არ იყო მხოლოდ ცალკეული განცხადებები, არამედ ჩვენ მაქსიმალურად ვამაგრებდით მას, როგორც ჯერ შს მინისტრს, შემდეგ- პრემიერს“, – ამბობს ის და ამატებს, რომ გახარიას მძიმე მდგომარეობა ჰქონდა 20 ივნისის შემდეგ. „ოცნების“ გუნდმა კი გააკეთა ყველაფერი, რათა მისი იმიჯი გამოსწორებულიყო.

ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ ივნისის მოვლენების შემდეგ გუნდში გახარიას გადაყენების აზრიც იყო მომწიფებული, თუმცა:

„… რაღაცამ შეცვალა. ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ამის დროც მოვა. რაღაც გარე ფაქტორი იყო. მასთან იყო დაკავშირებული“, – ამბობს ის.

ნახეთ ასევე:

უნდა უპასუხოს, თუ რატომ თამაშობდა სააკაშვილის თამაშს — კობახიძე გახარიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი