ახალი ამბები

პრიმიტიული ტყუილები – ქემოკლიძე კობახიძის ბრალდებაზე გახარიას მიმართ

5 ივნისი, 2021 • 1644
პრიმიტიული ტყუილები – ქემოკლიძე კობახიძის ბრალდებაზე გახარიას მიმართ

გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე ირაკლი კობახიძის ბრალდებებს გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო კოორდინაციაზე „პრიმიტიულ ტყუილებს“ უწოდებს.

„გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ ბრიფინგზე 5 ივნისს.

ქემოკლიძემ კობახიძის განცხადებებს არაადეკვატური და „პრიმიტიული ტყუილები“ უწოდა და თქვა, რომ ამან „დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხეოფა მიაყენა მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“.

ამ ყველაფერმა, ქემოკლიძის თქმით, დადასტურა რომ მმართველი პარტიის ლიდერებისთვის „აღარ არსებობს წითელი ხაზი და მზად არიან, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისვის გათელოს ფეხქვეშ სახელმწიფო ინტერესები“.

ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებმა 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე, კიევიდან მიიღეს მიიღეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოსვლას და „ალტერნატიული მთავრობის შექმნას“ გეგმავდა, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გახარიას პოზიციის მოულოდნელი ცვლილება ნიკა მელიას დაკავების საკითხზე.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაცია სააკაშვილის გეგმებზე პრემიერ გიორგი გახარიას მაშინ არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. „ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით [მელიას დაკავების] ოპერაციის გადადებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი