ახალი ამბები

შეშფოთეული ვარ მოსამართლეთა ნაჩქარევად დანიშვნით – ვიოლა ფონ კრამონი

17 ივნისი, 2021 • 657
შეშფოთეული ვარ მოსამართლეთა ნაჩქარევად დანიშვნით – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აკრიტიკებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების ბოლოდროინდელ პროცესს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევი დანიშვნის გამო“, – დაწერა მან ტვიტერზე 17 ივნისს.

ევროპარლამენტარი წერს, რომ შარლ მიშელის მედიაციის შედეგად დადებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, „ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

მისი თქმით, ეს რეფორმა „დაკავშირებულია საქართველოსთვის ევროკავშირის მიკროფინანსურ დახმარებასთან“.

„ვენეციის კომისიის [რეკომენდაციების] უგულებელყოფა არაა გონივრული. სასამართლოში „კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“, – წერს იგი.

17 ივნისს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს.

ამ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლის 100-მდე ვაკანსიის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ამავე დღესვე, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინება.

არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს „ფორსირებულ რეჟიმში“ სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება.

დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ალექსანდრე გზირიშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილია [გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. ლევან გზირიშვილი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა].

გზირიშვილმა არ უპასუხა კითხვას, მისი შვილიშვილის ნათლია არის თუ არა მოსამართლე ლევან მურუსიძის ცოლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი