იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლედ დაინიშნა.
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. ლევან გზირიშვილი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ლევან გზირიშვილის შვილია და სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 40-ზე მეტ ვაკანსიაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი. ის მცხეთის რაიონულ სასამართლოში 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.
ლევან გზირიშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი მაინც გახდებოდა მოსამართლე, მიუხედავად იმისა, თვითონ იქნებოდა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
“ძალიან მარტივად არის საქმე – კანონით აქვს თუ არა უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში. კანონით ეს უფლება რომ აქვს, არავინ უარყოფს. აქვს შესაბამისი სტაჟი, სპეციალობით მუშაობის გამოცდილება, მისი ბექგრაუნდი და ბიოგრაფია გამჭვირვალეა, ჩააბარა არაერთი გამოცდა, მათ შორის -საადვოკატო, დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. შესაბამისად, ყველა საფუძველი და უფლება ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო კონკურსში. რომ არ მიეღო, იქნებოდა თუ არა ეს დისკრიმინაცია? – ბუნებრივია, იქნებოდა. მე რა შემეძლო გამეკეთებინა? – არ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა. მე არამოსამართლე წევრი ვარ, არავითარი ბერკეტი [საბჭოზე], მით უმეტეს, მოსამართლეებზე ზემოქმედებისა არ გამაჩნია”,- განაცხადა ლევან გზირიშვილმა.
ლევან გზირიშვილმა დაადასტურა, რომ ალექსანდრე გზირიშვილი კასპის რაიონულ საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო, თუმცა თქვა, რომ დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყო არჩეული და ფრაქციაც მალევე დატოვა.
გზირიშვილმა არ უპასუხა კითხვას, მისი შვილიშვილის ნათლია არის თუ არა მოსამართლე ლევან მურუსიძის ცოლი.
“ეს პირადი ცხოვრების საქმეა და შეუძლია ადამიანს უპასუხოს ან არ უპასუხოს, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ პროცესთან, რაც ახლა მიმდინარეობს?” – განუცხადა გზირიშვილმა ჟურნალისტებს.
მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს ლევან გზირიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაუპირისპირდა და მას მონა უწოდა.
“თქვენი შვილი გახდა მოსამართლე. თქვენ ხართ მონა, თქვენ ხართ უვარგისი ამ ქვეყნისთვის. თქვენისთანა ადამიანები უნდა წავიდნენ ამ სისტემიდან. გპირდებით, თქვენი შვილი იქნება პირველი, ვინც ამ სისტემიდან წავა. სირცხვილია, რომ თანამდებობა ამისთვის გამოიყენეთ”, – მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა ლევან გზირიშვილს.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, 4 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ლევან გზირიშვილი მოსამართლეთა კლანისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა და საჩუქრად მიიღო შვილის მოსამართლეობა.
“მამამისის საქმიანობის გამო დააჯილდოვდეს”,- თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის საბჭოს წევრის შვილს მოსამართლეობა სურს — ნეპოტიზმი?