ახალი ამბები

“სხვა მეუფე იაკობს იხილავთ” – ეპისკოპოსი პანსიონის გარდა სხვა თემებზე საუბარს აღარ აპირებს

17 ივნისი, 2021 • 965
“სხვა მეუფე იაკობს იხილავთ” – ეპისკოპოსი პანსიონის გარდა სხვა თემებზე საუბარს აღარ აპირებს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, პანსიონის გარდა, სხვა თემებზე საჯაროდ აღარ ისაუბრებს:

“რაც მე დავინიშნე პანსიონის დირექტორად, სხვა საკითხებზე საერთოდ აღარ გელაპარაკებით. სპეციალურად ბავშვებთან რომ ვარ, სხვა მეუფე იაკობს იხილავთ”, – აცხადებს ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი იაკობი ამ დრომდე ხშირად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციებს პოლიტიკურ და სხვა მიმდინარე საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირმა პოლიტიკური სპექტრი გააკრიტიკა და ჯერ სიტუაციის დალაგებას, შემდეგ კი პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავდა.

ეპისკოპოს იაკობი აცხადებდა, რომ თუ ეკლესია კონკრეტული ძალის მხარდაჭერაზე ჩამოყალიბდებოდა, მას ხალხის დიდი მხარდაჭერა ექნებოდა.

გარდა ამისა, იაკობ იაკობიშვილის თქმით, რომ არა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, პარლამენტში ბევრი ღირსეული ადამიანი შევიდოდა და “სხვანაირი არჩევნები” ჩატარდებოდა. ეპისკოპოსი იაკობი აკრიტიკებდა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასაც. მისი თქმით, “უმეტესობამ გაძარცვა ქვეყანა, ფული იშოვა და დღეს ლაპარაკობენ კორუფციაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი