ახალი ამბები

კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიქერი იყო — ბოდბელი ეპისკოპოსი გახარიაზე

1 ივნისი, 2021 • 1567
კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიქერი იყო — ბოდბელი ეპისკოპოსი გახარიაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება.

ბოდბელი ეპისკოპოსი გახარიას მისი პრემიერ-მინისტრობის დროსაც აკრიტიკებდა. მღვდელმთავარმა დღეს თქვა, რომ მაშინ “ცოტა ხნით გაჩერდა, რადგან ქვეყანა ჩამოიქცეოდა”.

“თუ გავიხსენებთ, პანდემია რომ არ მოსწრებოდა, [გახარიას] რთულად ჰქონდა საქმე. გეხსომებათ საუბრები მის შეცვლაზე. ახლაც სერიოზულაც მიდიოდა საუბარი, ცოტა ხანი და შეცვლიდნენ. მე ვფიქრობ, დაასწრო მოვლენებს. ინფორმაცია არ მაკლია და ვიცი, მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის წევრები, რომ აუცილებელი იყო მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა და ცოტა ხანში გამოდის და თვითონ ამბობს, ამას რას აკეთებთო? გააკეთა ისე, თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა. უბრალოდ თავისებთან ცუდად გამოუვიდა”, — განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპისი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის და უფრო მეტიც, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი კადრებით ჰყავს დაკომპლექტებული.

“ადეიშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის კადრები არიან, ანუ “ნაცმოძრაობის” რაღაც ნაწილი შემოიკრიბა. პარტიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ცუდ საქმეს აკეთებ, მაგრამ დღესაც თუ გითხრა ადეიშვილმა, მერაბიშვილმა, კეზერაშვლმა და გააკეთებ იმას, მაშინ უკვე სხვანაირად მოიაზრებს ხალხი”, — განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსი იაკობი არ თვლის, რომ გახარიას გუნდი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დირექტივებით მოქმედებს, თუმცა მათ მსგავსებაზე საუბრობს.

“ნაციონალური მოძრაობა” უკვე გადაიქცა, როგორც გახარია იყო, კრიზისის მენეჯერი კი არა, კრიზისმეიკერი. რა საქმეც არ უნდა ავიღოთ, გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა. ეკლესისგან აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა არ ექნება”, — დასძინა მან.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, “ქართულ ოცნებას” და ენმ-ს არ აკნინებს, გიორგი გახარიამ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს გიორგი ვაშაძის “სტარტეგია აღმაშენებელს” და “ლელოს”.

კითხვაზე, გულწრფელი ოპოზიციაა თუ არა გახარია, ბოდბელი ეპისკოპოსი პასუხობს: “საქართველოს ოპოზიციაში შეიძლება იყოს, კი”.

ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა.

“22:00 საათის მერე იყო [დაშლა] და ვისაც აბრალებთ ხოლმე, იმას ათ საათზე სძინავს”, — თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

მეუფე იაკობი გახარიაზე: „თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ“

მასალების გადაბეჭდვის წესი