ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ის თანამშრომლები, რომელთა მიმართაც აღსაზრდელებს პრეტენზიები აქვთ და რომლებიც სავარაუდოდ, პანსიონში მიმდინარე სისხლის სამართლის 4 საქმეში ფიგურირებენ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებენ.
ამის შესახებ მან დღეს, 17 ივნისს, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“თუ ვინმეზე ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რაღაც, არ ვარკვევთ მართალია თუ მტყუანია ის ბავშვი, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან და ჩვენთან არ იქნებიან. ახლა ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ არის. ხომ არ მოგატყუებთ, ზოგთან ჰქონდათ[…] მე მიღებული მაქვს უკვე გადაწყვეტილება და რამდენიმე ადამიანი არავითარ შემთხვევაში აღარ იმუშავებს. გუშინ გავუშვით დროებით შვებულებაში. დღეს ჩემთან არცერთი არ არის დარჩენილი, რომელიც ფიგურირებს… რასაც გავეცანი, ძალიან რთული სამსახურია და ყველა არ იმსახურებს… რაც არ უნდა მცირე დარღვევა იყოს, მე მივიღე გადაწყვეტილება”, — განაცხადა ეპისკოპოსმა.
მისივე თქმით, ნინოწმინდის პანსიონის ნაცვლად მცირე საოჯახო ტიპის სახლი ისევ ნინოწმინდაში, სხვა ტერიტორიაზე, აშენდება, ნინოწმინდის პანსიონი კი დღის ცენტრად გადაკეთდება.
“აქ იქნება დღის ცენტრი, გავაკეთებთ ყველაფერს. ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ვორლდვიჟენი – დაემატა სახალხო დამცველი. ყველა რეკომენდაციას და რჩევას გავითვალისწინებთ, უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ. ასეთი დაწესებულებები არის მოძველებული ფორმა. არ შეიძლება, ასეთები რომ იყოს. 2022 წლის პირველ აპრილამდეა ლიცენზირებული. ვფიქრობთ, მანამდეც შევცვლით”, – განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.
2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.
დღესვე გადაწყდა, რომ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განაცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მომავალ კვირაში ჩავა მთავარეპისკოპოს იაკობთან ერთად, ამის შემდეგ კი ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს განახორციელებს.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.
არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.
სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.
ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.