სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო 16 ივნისს მიღებულ შეტყობინებაზე, რომლის თანახმადაც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან “მამაკაცი გადმოხტა”.
უწყების განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
“ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, — ნათქვამია განცხადებაში.
ხსენებული ინციდენტი 16 ივნისის საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მომხდარის მიზეზები ამ ეტაპზე დაუზუსტებელია.