ახალი ამბები

გახარიასა და ევროპარლამენტარების შეხვედრაზე ყოფილი ელჩი ნატა საბანაძეც იმყოფებოდა

17 ივნისი, 2021 • 1118
გახარიასა და ევროპარლამენტარების შეხვედრაზე ყოფილი ელჩი ნატა საბანაძეც იმყოფებოდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოს მიხედვით, ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა ნატა საბანაძეც, რომელიც 2013-2021 წლებში ბელგიაში საქართველოს ელჩად საქმიანობდა.

“ევროპარლამენტში გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტართან – „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, რიჩარდ ტიბელსსთან, ხოლო ევროპარლამენტარებთან – ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გიორგი გახარიას შეხვედრა სამუშაო სადილზე შედგა”, — აღნიშავენ გახარიას პარტიაში.

ამავე ცნობების მიხედვით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის, ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს”.

პრესსამსახური დასძენს, რომ გახარიასთან ერთად ბრიუსელში პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძეც იმყოფება. პრესრელიზში ნახსენები არ არის ნატა საბანაძე, რომელიც თანდართულ ფოტოში, გახარიასთან ერთად ჩანს.

გიორგი გახარია და ნატა საბანაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას. ფოტო: პარტიის "საქართველოსთვის" პრესსამსახური

“ნეტგაზეთი” პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, არის თუ არა ნატა საბანაძე გახარიას გუნდის წევრი. პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საბანაძე 2021 წლის მარტამდე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობდა. 21 მარტს მან თავად განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ.

“დღეს მოვიდა დრო, რომ მე ეს ფურცელი გადავშალო”, – აღნიშნავდა ნატა საბანაძე. მას არ დაუკონკრეტებია მიზეზები, რომელთა გამოც ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.

ელჩის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომლის აზრითაც, საბანაძე აიძულეს, გადამდგარიყო. კუბილიუსმა ეს ფაქტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს დაუკავშირა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე შედგა. ევროპარლამენტარის სიტყვებით, საქართველოს პრემიერმა ვერ შეძლო, ევროკავშირის ლიდერები დაერწმუნებინა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი