ნეტგაზეთი | ბრიუსელში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა ბრიუსელში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა – Netgazeti
RU | GE  

ბრიუსელში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა

ნატა საბანაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის განცხადებას თავად ავრცელებს.

‘სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს”, – აცხადებს საბანაძე.

საბანაძის გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

“მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში. უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხევდრა ერვოკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით. წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში”, – აცხადებენ უწყებაში.

ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. ზემოხსენებულ თანამდებობამდე, იგი ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში, იგი სხვადასხვა თანამდებობებზე – მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად მუშაობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com