ახალი ამბები

ვფიქრობ, ნატა საბანაძეს აიძულეს გადამდგარიყო – ანდრიუს კუბილიუსი

26 მარტი, 2021 •
ვფიქრობ, ნატა საბანაძეს აიძულეს გადამდგარიყო – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ მისი აზრით, ევროკავშირში საქართელოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე აიძულეს, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა.

კუბილიუსის თქმით, ელჩის გადადგომა უკავშირდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის ბრიუსელში ვიზიტს. მისი თქმით, ღარიბაშვილმა ვერ შეძლო ევროკავშირის ლიდერები დაერწმუნებინა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იყო.

“მე არ ვიცნობ ყველა დეტალს, ვფიქრობ, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო. ეს ცოტა უცნაურია და ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან ბრიუსელში. პრემიერ-მინისტრის ძალისხმევის მიუხედავად, როდესაც იგი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ევროკავშირის ლიდერობამ და ხელმძღვანელობამ არ მიიღო მისი ახსნა, თუ რას აკეთებდა მთავრობა კრიზისის დროს. მან მიიღო გზავნილები სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან და ამიტომაც იყო ალბათ მიზეზი, პრემიერ-მინისტრმა ან სხვამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ევროკავშირში ელჩის ბრალი. ეს არის არასწორი. პრობლემა არ ეხება საქართველოს ელჩს ევროკავშირში. პრობლემები თბილისში არსებობს მთავრობასთან დაკავშირებით და ოპოზიციასთან, რომელთაც არ შეუძლიათ კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ”, — განაცხადა კუბილიუსმა.

ნატა საბანაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ განცხადება 21 მარტს თავად გაავრცელა.

საბანაძის გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა.

საბანაძესთან უთანხმოებას უარყოფს თავად ღარიბაშვილიც. მისი თქმით, საბანაძე თანამდებობის დატოვებას ზაფხულში აპირებდა და ელჩმა გადადგომა “უბრალოდ დააჩქარა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი