ნეტგაზეთი | ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია მიხეილ სააკაშვილია – ლილუაშვილი ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია მიხეილ სააკაშვილია – ლილუაშვილი – Netgazeti
RU | GE  

ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია მიხეილ სააკაშვილია – ლილუაშვილი

გიორგი გახარიას თანაპარტიელი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებისა და “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკა ერთმანეთს ემსგავსება.

ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, მმართველ გუნდისთვის მძიმე აღსაქმელია გიორგი გახარიას პარტიის მხარდაჭერის ზრდა და ამიტომ ცდილობენ მის დისკრედიტაციას “შეთქმულების თეორიით”.

“მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეების განმავლობაში თავიანთი რეალური სახე აჩვენა. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი არა მხოლოდ პარტიის მმართველები, არამედ არიან ქვეყნის ხელისუფლებაშიც და მართავენ ჩვენს ქვეყანას. ძალიან დაემსგავსა მათი რიტორიკა პოლარიზებით და რადიკალიზაციით სავსე “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკას. უცნაური ლოგიკითაც დაემსგავსნენ ისინი ამ ძალას[…] დაველოდოთ, ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია – ეს არის მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გუშინ, 14 ივნისს, ირაკლი კობახიძემ “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც მმართველ პარტიას დაუგროვდა, ძირითადად უკავშირდება ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. მისივე თქმით, 20 ივნისის ოპერაცია იყო „აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გიორგი გახარიას მიერ“. ინტერვიუს მიმდინარეობისას კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა, რომ არ იცის, ეს იყო გახარიას შეცდომები, თუ გამიზნული ქმედებები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი