ახალი ამბები

PHR: სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახთან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

15 ივნისი, 2021 • 1608
PHR: სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახთან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება და მინდობით აღზრდაში გადაყვანა თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და სამ დაზარალებულ ბავშვს ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა. ინფომაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] ავრცელებს.

“ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

PHR-ის ცნობით, სასამართლომ აღნიშნული გარემოება უკანონოდ მიიჩნია და ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

ნეტგაზეთი ორგანიზაციის იურისტს, სოფი მენაბდიშვილს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ბავშვების ინტერესებს იცავდა. იურისტის განმარტებით, ოჯახში მყოფი სამი ბავშვიდან ორი, ოჯახის გაძლიერების მცდელობის გარეშე, სახელმწიფომ ოჯახიდან გაიყვანა თავდაპირველად ბავშვთა თავშესაფარში, შემდეგ კი- მინდობით აღზრდაში:

“ბავშვების ოჯახისგან დაშორების მიზეზი იყო მხოლოდ სიღარიბე, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით, სიღარიბის გამო ბავშვების მშობლისგან განცალკევება დაუშვებელია. მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეს დაშვებული, თუ სახელმწიფომ ყველა სხვა გზა მოსინჯა, არ გამოვიდა და ამის შემდეგ, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა ამის განხილვა. ამ ბავშვების შემთხვევაში ოჯახს სახელმწიფოსგან არანაირი მხარდაჭერა და დახმარება არ ჰქონდა, უბრალოდ ადგნენ და წაიყვანეს ბავშვები”, – განმარტავს მენაბდიშვილი.

მისი თქმით, ორი ბავშვი ოჯახისგან დაშორებული იყო დაახლოებით 2 წელზე მეტი ხნით, რის შემდეგაც ისინი თავად დაუკავშირდნენ PHR-ს და ოჯახში დასაბრუნებლად იურიდიული დახმარება სთხოვეს. სასამართლომ გასულ წელს ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა და ბავშვები ოჯახში დააბრუნა.

როგორც მენაბდიშვილი უყვება ნეტგაზეთს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბავშვებმა კვლავ მიმართეს სასამართლოს და ოჯახს გარეთ გატარებული 2 წლის განმავლობაში მიყენებული მორალური ზაიანისთვის კომპენსაცია მოითხოვეს.

“პირველად საქართველოში ბავშვებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს დამოუკიდებლად. ზოგადად, სარჩელის შესატანად ძალიან რთული ფორმის დოკუმენტებია შესავსები, მაგრამ საქართველოში შეიქმნა სპეციალურად ბავშვებზე მორგებული 4-გვერდიანი სარჩელის ფორმა, სადაც ბავშვები ჩვეულებრივი ენით წერენ საკუთარი პრობლემის შესახებ და სასამართლოს უგზავნიან ელექტრონულად. ჩვენ ავუხსენით ამ ბავშვებს, რომ შეეძლოთ ეს გამოეყენებინათ და დამოუკიდებლად მიემართათ სასამართლოსთვის, რაც გააკეთეს კიდეც”, – ამბობს მენაბდიშვილი.

მისი განმარტებით, ბავშვებმა სარჩელში მოითხოვეს, რომ სასამართლოს უკანონოდ ეღიარებინა მათი სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა და იმ შემთხვევაში, თუ ამას უკანონოდ ცნობდა, სახელმწიფოსთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებინა. სასამართლომ ბავშვების სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის სააგენტოს, ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბავშვებისთვის 35 000 ლარის გადახდა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი