ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები სპირიდონთან კომუნიაციაში დაგვეხმარნენ პანსიონში 50-მდე ბავშვის ჩასაყვანად – ფედერაცია

12 ივნისი, 2021 • 1317
“პატრიოტთა ალიანსის” წევრები სპირიდონთან კომუნიაციაში დაგვეხმარნენ პანსიონში 50-მდე ბავშვის ჩასაყვანად – ფედერაცია

საქართველოს კიოკუშინ კარატის ფედერაციამ 50-მდე ბავშვი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში რამდენიმე დღით ჩაიყვანა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, გოჩა კაკაბაძემ უთხრა “ნეტგაზეთს”, ბავშვები მისი ინიციატივით პანსიონის ბენეფიციართა და მთავარეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერად ჩაიყვანეს, მთავარეპისკოპოს სპირიდონთან კომუნიკაციაში კი “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია დაეხმარნენ.

“ჩვენი მიზანია, რომ ამ ბავშვებს გვერდში დავუდგეთ და ეს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც გამოიხატება. ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ, კარატე ვიცით და გვინდა ეს შევასწავლოთ. ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რამდენი დღით ვართ ჩამოსილები, შეიძლება ხვალ დავბრუნდეთ უკან. დიდი ხნით არ წამოვსულვართ, უბრალოდ ბავშვები ჩამოვიყვანეთ გასაცნობად და მხარდასაჭერად”, – განმარტა კაკაბაძემ.

მისი თქმით, ბავშვების მშობლები პანსიონში ვიზიტის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მათგან ნებართვაც ჰქონდათ. კაკაბაძის განცხადებით ფედერაცია ბავშვებთან ერთად პანსიონში პერმანენტულად ჩასვლას მომავალშიც გეგმავს, რადგან მათი მიზანია, რომ ბავშვები “კიდევ ერთი დისციპლინით დაკავდნენ” და კარატე შეისწავლონ.

“ჩვენ არ გვინდა, რომ ბავშვები გავიდნენ პანსიონიდან. როცა დაინახავენ, რომ კარატე შემოვიდა, ყურადღება მეიქცა ამ ადგილს, გვერდში დაუდგნენ, შეიძლება უკან დაბრუნდნენ [ბენეფიციარები]”, – განაცხადა კაკაბაძემ.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” ჩართულობას კაკაბაძის ცნობით, მთავარეპისკოპოსთან კომუნიკაციაში ფედერაციას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი და პარტიის წევრი გიორგი ლომია დაეხმარნენ.

“რომ დავინახე ირმა [ინაშვილი] იყო ჩასული პანსიონში დავურეკე და ვკითხე თუ შეიძლებოდა ბავშვების ჩაყვანა პანსიონში, სოლიდარობა გამოვუცხადო და რაღაცები ჩავუტანოთ და გავახალისოთ მეთქი. მე თავად არ ვიცნობდი მეუფე სპირიდონს, ირმა და გიორგი [ლომია] იცნობნდნენ და კომუნიკაციაში დაგვეხმარნენ, უშუალოდ პარტია ჩართული არ ყოფილა”, – განმარტა კაკაბაძემ.

“ნეტგაზეთი” თავად გიორგი ლომიასაც დაუკავშირდა. ლომიამ უარყო ინფორმაცია, რომ პანსიონში 50-მდე ბავშვის ჩაყვანა “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით მოხდა. მისი განცხადებით, ის კიოკუშინ კარატის ფედერაციის წევრია და პანსიონსაც სწორედ ამ სტატუსით ესტუმრა და არა როგორც პარტიის წევრი.

“ჩვენ, როგორც პარტია “პატრიოტთა ალიანსი” რა თქმა უნდა გვერდში ვუდგავართ მეუფე სპირიდონს, თუმცა მე იქ ვიყავი როგორც ფედერაციის წევრი”, – განაცხადა გიორგი ლომიამ “ნეტგაზეთთან”.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი