ახალი ამბები

ზურაბიშვილმა და ნაუსედამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

11 ივნისი, 2021 • 851
ზურაბიშვილმა და ნაუსედამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას უმასპინძლა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „ერთობლივ დეკლარაციას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“.

11 ივნისის შეხვედრისა და ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტებმა საერთო ბრიფინგი გამართეს, სადაც შეხვედრაზე განხილული საკითხები მოკლედ მიმოიხილეს.

ზურაბიშვილის სიტყვა

საუბრის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა გაიხსენა პრეზიდენტ ნაუსედას გუშინდელი ვიზიტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან და თქვა, რომ „ფიზიკურად მისვლა საოკუპაციო ხაზზე მრავლისმეტყველია და აჩვენებს პარტნიორებს, რამდენად მძიმეა“ იქ შექმნილი ვითარება.

ზურაბიშვილმა ასევე ახსენა ზაზა გახელაძე, როგორც „ადამიანების გატაცების სამწუხარო მაგალითი“, და თქვა, რომ მსგავსი „პროვოკაციები“ გრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ნატოს 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსა და უკრაინის საკითხი და ღია კარის პოლიტიკის საკითხი“ იქნება ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები.

მისი თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტთან ისაუბრა კიბერუსაფრთხოებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტი; ასევე, დააანონსა სამი ასოცირებული ქვეყნის —უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს — მიერ ერთობლივი ხედვის წარდგენა.

„ჩვენს მოქალაქეებს შორის საჭიროა მეტი კულტურული ურთიერთობები და ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, დავგეგმოთ საქართველოს დღეები ლიეტუვაში და ლიეტუვის დღეები საქართველოში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამით „ურთიერთგაგება გაღრმავდება და გაძლიერდება“ და „ესეც არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმა“.

ნაუსედას გამოსვლა

პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საუბრის დასაწყისში განაცხადა, რომ აქამდე არაერთხელ ჰქონდა გაგონილი, „როგორ მეგობრული, ლამაზი ქვეყანაა საქართველო“ და თქვა: „ახლა შემიძლია ნამდვილად დავადასტურო, რომ ეს ასეა“.

ნაუსედამ მადლობას გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს „მეგობრული და თბილი მიღებისთვის“ და თქვა: „მიხარია, რომ პრეზიდენტმა აჩვენა დიდი მცდელობა, რომ გაერთიანებულიყო ქვეყანა რეფორმების და ევროპული ინტეგრაციის გზით სიარულში“.

„ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ენერგიულად იღვწოდა ნატოს წევრობისთვის… [გვიხარია, რომ] ვხედავთ ასეთივე მონდომებას“.

„ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს პანდემიასთან ბრძოლა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ლიეტუვისგან 15 000 ვაქცინას მიიღებს.

პრეზიდენტმა ნაუსედამ ასევე გამოთქვა სიხარული იმის გამო, რომ „შიდა უთანხმოების მიუხედავად, პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას“ და მანაც გადაუხადა მადლობა შარლ მიშელს.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გეგმა, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე, „ამბიციურია, თუმცა, შესაძლებელი“ და თქვა, რომ „ეს არის დიდი დემონსტრირება თქვენი გამბედაობის“.

ნაუსედას თანახმად, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, სადაც მან დააფიქსირა „რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ მხარდაჭერა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი