ახალი ამბები

ამ ეტაპზე არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ – კორძაია

8 ივნისი, 2021 • 885
ამ ეტაპზე არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ – კორძაია

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

მისი თქმით, რომელიმე საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს, მათ შორის არც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაში, რომელთან საერთო ბლოკის სიითაც პარლამენტში მოხვდა.

“მეათე მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისუაბრო. ამიტომ, ამ ეტაპზე არც არავისთან და არც რთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ. რაც შეეხება სამუშაო ხედვებს, ვფიქრობ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში, იმიტომ, რომ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და დღეს საქართველოში ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კორძაიამ რესპუბლიკური პარტია 4 ივნისს დატოვა. “რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია — პარლამენტში ენმ-ჯსა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ხათუნა სამნიძე, “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად 3 ივნისს ახალ ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში” გაერთიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი