გავლენიანი თურქი რელიგიური ლიდერი, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიდი ხნის მოწინააღმდეგე მუჰამედ ფეთულა გულენი 83 წლის ასაკში აშშ-ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები ეფუძნება X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს მედიაორგანიზაცია Herkul-ის მიერ, რომელიც მიიჩნევა, რომ გულენთან და მის მიმდევრებთან არის დაკავშირებული და ხშირად აქვეყნებდა იმამის ქადაგებებს.

გულენი საყოველთაოდ ითვლებოდა ერდოღანის შემდეგ თურქეთის ყველაზე გავლენიან ადამიანად, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდა ემიგრაციაში აშშ-ში, პენსილვანიის შტატში. წარსულში ის ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა 2013 წლის კორუფციული სკანდალის შემდეგ დაუპირისპირდა მას. თურქეთის ხელისუფლება გულენს ადანაშაულებდა 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, მის მოძრაობას კი ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებდა. გულენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.

მისი მოძრაობა საბოლოოდ გამოცხადდა ტერორისტულ მოძრაობად თურქეთის სახელმწიფოს მიერ და ცნობილი იყო როგორც ტერორისტული ორგანიზაცია (FETO).

2016 წლიდან დღემდე, თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ჩართულობისა თუ მასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

ფეთულა გულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლო ინსტიტუტებს საქართველოშიც ებრძოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა საბოლოოდ მფლობელი შეიცვალა.

ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან