ახალი ამბები

გავასაჩივრებთ ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას — საპატრიარქო

6 ივნისი, 2021 • 1574
გავასაჩივრებთ ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას — საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ამბობს, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციარების გამოყვანას გულისხმობს. განცხადება 6 ივნისს გავრცელდა.

რას ამბობს საპატრიარქო?

საპატრიარქოს თანახმად, პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მათთვის არავის მიუმართავს და ეს გარემოებები “მასმედიის საშუალებებით გახდა ცნობილი”.

“ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქო ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის თაობაზე და დასძენს:

“ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ;

აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს”.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ პანსიონიდან ბენეფიციართა გაყვანის “დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ”.

განცხადების ბოლოს საპატრიარქო დასძენს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვანია და “გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის”.

იურისტის პასუხი

საპატრიარქოს განცხადებას უკვე უპასუხა იურისტმა ანა არგანაშვილმა ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR). სწორედ ამ ორგანიზაციის სარჩელის საფუძველზე მიიღო სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება.

არგანაშვილის თქმით, მიესალმებიან დავის გადაწყვეტას სასამართლოში რადგან, “ყველაფრის გასაჩივრება და სამართლებრივი დავა უკეთესია, ვიდრე არასამართლებრივი მეთოდებით გარჩევები”.

ამასთან, იურისტი დასძენს, რომ:

“გასაჩივრება დროებით განჩინებას არ აჩერებს, ძირითადი დავაც მალე დაიწყება”.

“რა თქმა უნდა, მშვიდად მოვემზადებით არსებითი განხილვისთვის და ჩვენ არგუმენტაციას სასამართლოზე წარმოვადგენთ.

საზოგადოება ნახავს, რა კარგია როდესაც სასამართლო განიხილავს ბავშვთა უფლებებს, როცა კანონი და კონსტიტუცია არის უზენაესი და არა სხვა ტიპის ძალაუფლება”.

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანა აბაშიძის თქმით, მოსამართლე ივანე ღლონტი სრულად დაეთანხმა მათ საფრთხის არსებობაში და განჩინებაში მიუთითა, რომ:

„სასამრთლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეიტლების მიღებამდე სარჩელის უზრუნლვეყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშთა ინტერესები და მას მიადგენს მნიშვნელოვანი ზიანი“…

მისი განმარტებითვე, ეს ნიშნავს, რომ ახლა „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამწამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა“ პანსიონატიდან და გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR-ი არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?

ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:

„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/348067/

მასალების გადაბეჭდვის წესი