ახალი ამბები

როცა მშობლები სახელმწიფოზე მეტად ეკლესიას ენდობიან | ნინოწმინდის პანსიონი

4 ივნისი, 2021 • 2111
როცა მშობლები სახელმწიფოზე მეტად ეკლესიას ენდობიან | ნინოწმინდის პანსიონი

ნეტგაზეთი ესაუბრა 2 სხვადასხვა მშობელ/ბებიას, რომელთა შვილები/შვილიშვილები ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობენ.

ორივე მათგანი ამბობს, რომ ბავშვები პანსიონში არა სახელმწიფო ზურნვის სისტემის გავლით, არამედ თვითდინებით მოხვდნენ, მათ თავად მიიყვანეს ბავშვები საპატრიარქოს დაწესებულებაში.

სახელმწიფომ (სოცმუშაკებმა) ბავშვების ნინოწმინდის პანსიონში მოხვედრის შესახებ პოსტ-ფაქტუმ შეიტო, ეს კი, ბავშვთა უფლებამდაცველის თქმით, პრობლემაა და მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ბავშვები მიტოვებული ჰყავს.

მშობელი და ბებია, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, სახელმწიფო ინსტიტუციებზე მეტად ეკლესიას ენდობიან, რაც ბავშვთა უფლებამდაცველის შეფასებით ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემურ ჩავარდნაზე და იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა დღემდე არ აქვს.

თამილა, 2 ბავშვის დედა

თამილა ამბობს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ორი შვილი პანსიონში 6 წლის წინ თავად მიიყვანა, შვილებს ნინოწმინდაში ხშირად აკითხავს, ყოველდღიური კონტაქტი აქვს “ვოთსაფით” და ზაფხულობით, როდესაც ბავშვებს სკოლიდან ითხოვენ, სახლში მოჰყავს.

დედა ამბობს, რომ პანსიონში მისი ახლობელი მუშაობდა და სწორედ მისი რჩევით გადაწყვიტა იქ მიყვანა.

თამილას თქმით, სოცმუშაკებმა, რომლებთანაც ურთიერთობა წლებია აქვს, მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს, რომ ბავშვები სკოლიდან ამოეწერნენ და ცხოვრება და სწავლა ნინოწმინდაში განაგრძეს. მისი თქმით, ამის შემდეგ სოცმუშაკები მას ეკითხებოდნენ, როგორ გრძნობდნენ ბავშვები თავს ნინოწმინდაში. თამილას თქმით, თავადაა ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი და ისინი პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გავლით არ მოხვედრილან.

მიუხედავად ბოლო დღეებში გავრცელებული არაერთი ინფორმაციისა და პირველი პირების მონათხრობისა, რომ პანსიონში ბავშვებზე ძალადობენ და 4 საქმეზე პოლიციამ გამოძიებაც კი დაიწყო, მათ შორის გაუპატიურების მუხლით, დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილებს სკოლაში კარგად უვლიან და არ ძალადობენ. დედის თქმით, იმას, რასაც ბავშვები პანსიონში იღებენ (კვება, განათლება და ა.შ.), თავად ვერ შესთავაზებდა საკუთარი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

“ყოველდღე მაქვს კონტაქტი ბავშვებთან, იქ რომ რაიმე ცუდი ხდებოდეს, მე ჩემს შვილებს გავაჩერებდი? ძალიან კმაყოფილი ვარ’, – გვეუბნება თამილა და დასძენს, რომ პანსიონის დატოვება არც მის შვილებს სურთ.

დედა ამტკიცებს, რომ იმ 6 წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც მისი შვილები ნინოწმინდაში ცხოვრობენ, მისთვის არც ერთხელ უთქვამთ, რომ პანსიონში ძალადობას ჰქონდა ადგილი.

თამილასთან საუბრიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სისტემას, კერძოდ, მინდობით აღზრდის პროგრამას, როდესაც ბავშვებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახში ანაწილებს და მას ფინანსურად ეხმარება, არ ენდობა. თამილას თქმით, თუ სახელმწიფოს იმდენი რესურსი აქვს, რომ მიმღებ ოჯახებს ფინანსურად დაეხმაროს, უმჯობესია, ეს თანხები მას მისცენ და დღესვე წამოიყვანს ბავშვებს პანსიონიდან.

მეორე მხრივ, თამილას თქმით, სახელმწიფოს ზრუნვის ფარგლებში მისთვის ალტერნატივა (მიმღები ოჯახი, მცირე ზომის ბავშვთა სახლი) არარსდროს არაფერი შეუთავაზებია და მხოლოდ იმას ეკითხებიან, როგორ გრძნობენ ბავშვები თავს პანსიონში. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სახელმწიფომ შესთავაზა, 300-ლარიან სამსახურში დასაქმება იყო, რომლის მეშვეობითაც 2 შვილს საცხოვრებლად საჭირო პირობებით ვერ უზრუნვლყოფდა.

დარეჯანი, 3 ბავშვის ბებია

დარეჯანიც, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები 3 ბავშვის ბებია და მისი თქმით, კანონიერი წარმომადგენელია, ასევე ამბობს, რომ მისი შვილიშვილებიც დაწესებულებაში თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გვერდის ავლით მოხდვნენ.

სიტუაცია აქაც თამილას შემთხვევის მსგავსია. დარეჯანს ჯანმრთელობა და ეკონომიური მდგომარეობა ხელს არ უწყობდა, რომ 3 პატარა ბავშვი აღეზარდა და ნაცნობის რჩევით მიმართა ნინოწმინდის პანსიონს დასახმარებლად. ეს ახლობელიც ნინოწმინდის პანსიონშია დასაქმებული. დარეჯანის შვილიშვილები პანსიონში მიმდინარე წლის იანვარში ჩაირიცხნენ.

დარეჯანის თქმით, ამის შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ჩააყენა საქმის კურსში ზრუნვის სააგენტო და განაცხადა, რომ აღარ სურდა იმ ფინანსური მხარდაჭერის მიღება, რომელსაც ბავშვების მოვლის გამო იღებდა სახელმწიფოსგან.

დარეჯანიც ამბობს, რომ ყოველდღიური კონტაქტი აქვს ბავშვებთან მესენჯერის მეშოვებით. მისი თქმით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც რეკავს, ძიძა რთავს კამერას და ბებიას უჩვენებს, რას აკეთებენ ბავშვები.

ნინოწმინდაში არსებული პირობებით დარეჯანიც კმაყოფილია და მადლობელია ეკლესიის, რომელმაც მისი თქმით, ბავშვებს ის პირობები შეუქმნა, რასაც თავად ვერ შეუქმნიდა მისი რთული ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. არც მას აქვს განცდა, რომ ბავშვების პანსიონში ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან.

დარეჯანის თქმით, სახელმწიფოს არც მისთვის შეუთავაზებია ზრუნვის ალტერნატიული სისტემა, იქნება ეს მინდობით აღზრდა თუ მცირე ზომის ბავშვთა სახლი.

დარეჯანთან საუბრით ირკვევა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სისტემას არც ის ენდობა და ურჩევნია, ბავშვები ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონში ცხოვრობდნენ.

“ჩემთვის ხომ უნდა ეკითხათ, ის ბავშვები რატომ მოხვდნენ იქ, ან რატომ გავაკეთე არჩევანი?! სოცმუშაკები ხომ ჩემთან უფრო ახლოს არიან, ნინოწმინდა არის ჩემგან 300 კილომეტრის დაშორებით”, – გვეუბნება დარეჯანი.

ბებიის თქმით, თუ ვინმეა საქართველოში ყველაზე მეტად დაინტერესებული იმით, რომ ბავშვები კარგ გარემოში ცხოვრობდნენ, ეს ადამიანი თვითონაა, რადგან იმ დაწესებულებაში მისი ყველაზე საყვარელი 3 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდაში ბავშვებზე არავინ ძალადობს. მისი თქმით, მანამ, სანამ მძიმე მდგომარეობაშია და ბავშვებზე მზრუნველობა დროებით თავად არ შეუძლია, ურჩევნია, ეს ეკლესიასთან აფილირებულმა დაწესებულებამ გააკეთოს, ვიდრე, მაგალითად, მიმღებმა ოჯახმა, რომელშიც როგორი ადამიანები ცხოვრობენ და რა ღირებულებებით აღზრდიან ბავშვს, მისთვის უცნობია. თუმცა ხაზს უსვამს, რომ პანსიონის ალტერნატივა მისთვის არასდროს არავის შეუთავაზებია.

“დარწმუნებული ვარ, რომ სოცმუშაკი მაგაზე უკეთეს გარემოში ვერ წაიყვანს”, – გვეუბნება დარეჯანი.

“სახელმწიფოს ბრალია”

ნეტგაზეთი  ესაუბრა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატს, ანა არგანაშვილს. მისი თქმით, ის ამბავი, რომ ბავშვები პანსიონში თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გვერდის ავლით ხვდებიან, პრობლემური და უკანონოა.

ზოგადად, მსგავს დაწესებულებაში მყოფი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ და სახელმწიფო იღებდეს გადაწყვეტილებას მათი განთავსების თაობაზე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. არგანაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეიძლება ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან და რაიმე ტიპის დაწესებულებაში შეყვანა. მისივე თქმით, პრობლემურია ის გარემოებაც, რომ პოსტ-ფაქტუმ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ ზრუნვის სააგენტო არ რეაგირებს. არგანაშვილის შეფასებით, ეს გარემოება არის სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვების მიტოვება.

რაც შეეხება იმას, რომ მშობლები რიგ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე მეტად ეკლესიის პანსიონს ენდობიან, ამაზე პასუხისმგებელი, არგანაშვილის აზრით, სახელმწიფოა, რომელმაც ვერ შექმნა ბავშვთა კეთილდღეობის ისეთი სისტემა, რომელსაც მოსახლეობა ენდობოდა. ყურადსაღებია ისიც, რომ როგორც ბავშვების მეურვეების მონათხრობიდან ირკვევა, მათთვის არავის შეუთავაზებია ალტერნატივა და არც ის უპირატესობები აუხსნია, რაც მას დიდი ზომის პანსიონთან შედარებით აქვს.

არგანაშვილის თქმით,  სიღარიბის გამო არ შეიძლება ბავშვები ოჯახებს სწყდებოდნენ და ბავშვთა სახლებში თუ ალტერნატიული ზრუნვის სისტემებში ხვდებოდნენ. არგანაშვილის განმარტებით, ეკონომიური სიდუხჭირის მქონე ოჯახებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაძლიერებაში და ალტერნატიულ ზრუნვაში მხოლოდ ის ბავშვები უნდა ჩართოს, რომელსაც ბიოლოგიური ოჯახი არ ჰყავს ან საკუთარ ოჯახში შეუქცევადი ძალადობის მსხვერპლია.

“სახელმწიფომ რომ შექმნას ალტერნატიული ზრუნვა, ამაში დიდი შრომა უნდა ჩადოს, ამისთვის უნდა ჰქონდეთ ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა, რაც ჩამოშალეს, ჩამოანგრიეს… ყველა სოცმუშაკი გაათავისუფლეს და რახან სისტემა არ აქვთ, ურჩევნიათ მოიშორონ ეს ბავშვები და მიაყუჩონ ეკლესიის ბავშვთა სახლში”, – ამბობს არგანაშვილი.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონიდან 6 ბავშვი გადაიყვანა, 10 ბავშვის გადაყვანაზე მუშაობა კი მიმდინარეობს.

ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც, რომელიც პანსიონში მუშაობს.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [5 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

4 ივნისს ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერევა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებისა და სოციალური მუშაკების ურთიერთობაში. ის სოცმუშაკებს ბავშვებს პანსიონიდან არ ატანს.

სავარაუდოდ, კადრებში ჩანან ის ბავშვები, რომელთა დაწესებულებიდან გაყვანაზეც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მუშაობს. მანამდე უწყებამ პანსიონიდან 6 ბავშვი მათივე მოთხოვნის საფუძველზე უკვე გადაიყვანა. 

გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ მთავარეპისკოპოსი სხვა ზრდასრულებთან ერთად ეკითხება ბავშვებს, უნდათ თუ არა წასვლა. რამდენიმე მათგანი გადაღების მიმდინარეობისას ტირის კიდეც, ნაწილი კი წასვლაზე უარს აცხადებს.

სახალხო დამცველის აპარატი და ბავშვთა უფლებების ადვოკატები ამბობენ, რომ ამ კადრებით იკვეთება ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები. ამასთანავე, მათი ნაწილის თქმით, ვიდეო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვები პანსიონში უკანონოდ ხვდებიან: ყველანაირი საკანონმდებლო პროცედურის გამოტოვებით და ამასთან, არ არის გამორიცხული, პანსიონში უფრო მეტი ბავშვი ცხოვრობდეს, ვიდრე ეს სახელმწიფოს აქვს აღრიცხული.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რა ჩანს და რაზე მიანიშნებს ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს გავრცელებული ვიდეო

პანსიონები, როგორც საფრთხე ბავშვებისთვის – ინტერვიუ ანა არგანაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი