ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას მოთხოვნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

4 ივნისი, 2021 • 844
ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას მოთხოვნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა დღეს, 4 ივნისს, ორგანიზაციის წარმომადგენლმა ანა აბაშიძემ შეიტანა.

ანა აბაშიძის განმარტებით, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვისთვის სამდღიანი ვადა არსებობს. თუმცა, როცა გადაუდებელი აუცილებლობაა, მაშინ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

“პირველი და მთავარი მოთხოვნა მოსამართლისთვის იქნება, რომ ამწამსვე, დღესვე გამოსცეს განჩინება, რომ დაუყოვნებლივ, ყველა ბავშვი გამოიყვანონ პანსიონიდან დღესვე, ხაზგასმით ვამბობ. სასამართლოს ფორმალურად აქვს სამი დღე, მაგრამ პრაქტიკა არსებობს, რა დროსაც, თუ არის გადაუდებელი ვითარება, სასამართლო არა სამ დღეში, საათებში იხილავს[შუამდგომლობას]. ეს არის ზუსტად ის შემთხვევა. სასამართლომ დღესვე უნდა გასცეს ბრძანება, რომ ბავშვებმა დღესვე დატოვონ პანსიონი”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

მისი თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ მოსამართლე გულისხმიერად მოიქცევა და “ბავშვებს არ გაწირავს”.

“წინასწარ არ მაქვს განწყობა, რომ ამ საქმეშიც თავს შეირცხვენს მოსამართლე, მაგრამ ძალიან მალე გავიგებ”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მხოლოდ პანსიონატის მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი და მედიაში გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ საგანგაშოა.

რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [4 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი