ახალი ამბები

“ობიექტივი” ციხის კადრების ჩვენებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს

3 ივნისი, 2021 • 844
“ობიექტივი” ციხის კადრების ჩვენებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს

კომუნიკაციების კომისიამ 2 500 ლარით დააჯარიმა მედიაკავშირი “ობიექტივი” ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსებისთვის.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 23 აპრილს გასულ გადაცემა “სტუდია N8”-ს, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამებისა და გაუპატიურების კადრები.

“გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება მაუწყებელს 6 საათიდან 24 საათამდე ეკრძალება.

საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს, დაიცვან გადაცემების კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად განათავსონ”, — ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

“ობიექტივის” წარმომადგენელმა ბექა ფერაძემ კომუნიკაციების კომისიის 3 მაისის სხდომაზე განაცხადა, რომ “ციხის კადრების” ჩვენება შეიცავდა მაღალი საზოგადოებრივ ინტერესს და მისი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის შეეხსენებინა წლების წინ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ “ობიექტივის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ჯარიმის სახით 2500 ლარი დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი