ახალი ამბები

საია და ქარტია: კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების რეგულირებას ცდილობს და უფლებამოსილებას სცდება

8 დეკემბერი, 2020 • 1473
საია და ქარტია: კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების რეგულირებას ცდილობს და უფლებამოსილებას სცდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას ეხმაურება, სადაც მარეგულირებელი მაუწყებლებს მოუწოდებს, ეთერში არ განათავსონ უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

საია-ში მიაჩნიათ, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის საფარველს ამოფარებული, კომისია ცდილობს მაუწყებლების რეგულირებას, რისი უფლებამოსილებაც კანონით არ გააჩნია.

ორგანიზაციის განცხადებით, კომისია აღნიშნავს, რომ უხამსობის შემცველ პროგრამაზე შესაძლებელია სასამართლოს კონტროლის განხორციელება და რადგანაც მისი გადაწყვეტილება გადის სასამართლოს კონტროლს, მას ასევე აქვს ასეთი პროგრამის შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილება.

“კომისიის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებიდან, რომლითაც დაიშვა სასამართლოს კონტროლი უხამსობის შემცველ პროგრამაზე”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საუბარია 2009 წელს საკონსტიტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც უხამსობის შემცველ პროგრამაზე დაიშვა მხოლოდ სასამართლოს კონტროლი, ხოლო კომისიის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით არც კი უმსჯელია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადამიანებს უფლება აქვთ, საერთო ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ უხამსობის შემცველი პროგრამები. ვინაიდან კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი არ იცავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მიმართვის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამაუწყებლო პროგრამის უხამსობა გახდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის ან რეაგირების საგანი.

კანონი დღესაც გამორიცხავს საჩივრების საფუძველზე კომისიის მხრიდან ამ საკითხის განხილვას და უშვებს მხოლოდ სასამართლოს ზედამხედველობას.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, შესაბამისი კანონით განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ჩამოთვლის კომისიის უფლებამოსილებებს მაუწყებლობის სფეროში, სადაც არ ვხვდებით კომისიის უფლებას, საჩივრის საფუძველზე განიხილოს და შეაფასოს უხამსობის შემცველი კონტენტი. მეტიც, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ გამორიცხავს მის ამგვარ უფლებამოსილებას და ზედამხედველობის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ საერთო სასამართლოებს უტოვებს. შესაბამისად, კომისიის ამგვარი უფლებამოსილება არ გამომდინარეობს არც კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, პირიქით, ეწინააღმდეგება მათ”,-წერია საია-ს განცხადებაში.

ამას გარდა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აეკრძალა, პარლამენტის გვერდის ავლით, შეურაცხმყოფელი მასალის რეგულირების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ინტერნეტში შეურაცხმყოფელი მასალის დაბლოკვა არის გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება. ამგვარი რეგულაციის მიღების უფლებამოსილება აქვს პარლამენტს და არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

“გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გათვალისწინებით. ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაცია და იმის განსაზღვრა, თუ რომელი ინფორმაციის/აზრის გავრცელების შეზღუდვა არის კონსტიტუციურად გამართლებული, კანონის მიღებისათვის დამახასიათებელი გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ უნდა ხდებოდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა ორგანოს შემოთავაზებული სტანდარტები თავისთავად არაავტორიტეტულია. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას იმ შემთხვევაში აქვს სამაუწყებლო მედიაში უხამსობის ან შეურაცხყოფის აღკვეთის ვალდებულება, როცა მას ამ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პარლამენტი, კანონით უხამსობის ცნების დეტალური რეგულაციის შემდეგ. ამგვარი საკანონმდებლო მანდატის გარეშე, დაირღვევა კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ შეზღუდვას უკრძალავს”,-აცხადებენ საია-ში.

აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია GNCC-ს მოუწოდებს, აღარ გააკეთოს კანონის საწინააღმდეგო განმარტებები, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას არ გასცდეს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადებით უპასუხა, სადაც კომისიას მოუწოდებს, არ გასცდეს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებას.

ქარტიასაც მაგალითად მოჰყავს მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 მუხლი, რომლითაც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე მსჯელობს მაუწყებლის თვითრგულირების ორგანო.

“2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ არაკონსტიტუციურად ცნო  საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არ იძლეოდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.

ქარტიაში აცხადებენ, რომ არც მოსარჩელეებს უდავიათ და არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმსჯელია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვის საკითხზე. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვერ იმსჯელებს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებასა და სამოქალაქო უფლებებს. ამ საკითხზე შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის ან/და სასამართლოსთვის მიმართვა.

“შესაბამისად, ვერ გავიზიარებთ კომისიის მოსაზრებას, რომ რადგან „კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე – კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე.”

კომისიის განცხადებას ეთიკის ქარტია აფასებს GNCC-ის მხრიდან ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსში ჩარევის მცდელობად:

“მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 7 დეკემბრის განცხადება კიდევ ერთი მცდელობაა, ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტის შინაარსში და თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხები გადაიტანოს თავისი რეგულირების სფეროში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი პროდუქტის შინაარსში”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისია კი აცხადებს, რომ კანონმდებლობისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით  გამოწვეული ზიანისაგან.

“შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას, რომელიც შეიცავს უხამსობას. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან 2009 წლამდე აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელი იყო მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და ამ საკითხის განხილვა არ დაიშვებოდა სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიაში. აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.“ საკონსტიტუციო სასამართლომ არა მხოლოდ კონსტიტუციურად მიიჩნია ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება, არამედ – დაადგინა სტანდარტი, რომ ასეთ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მაუწყებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე – კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიას, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ – ვალდებულება აქვს მოახდინოს რეაგირება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი