ნეტგაზეთი | ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს – Netgazeti
RU | GE  

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი, რომელიც წარსულში ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო, ახლა კი ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის სტრატეგიული კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის პროდასავლურ კურსს ეჭვქვეშ აყენებს.

ჰოჯესი The HILL-ში აქვეყნებს საქართველოს შესახებ სტატიას, რომელშიც საქართველოს მთავრობის მიერ სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების ხელშეშლაზე საუბრობს.

“ბელორუსი და საქართველო – სახიფათო შეხსენებაა იმისა, თუ რა ხდება, როდესაც უსაფრთხოების ვაკუუმს ქმნი და რუსეთის ჩარევას კარს უღებ. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ფხიზლად უნდა ადევნონ თვალი საქართველოს. მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა და ნატოს პოპულარობისა საზოგადოებაში, მთავრობები არ მიდიან სწორი მიმართულებით გაწევრიანებისკენ”, – წერს ჰოჯესი.

ჰოჯესი ამბობს, რომ 2017 წლიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა, რაც ხელისუფლებამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან ინვესტორებს ქვეყნიდან უშვებს. ჰოჯესს ორი მაგალითი მოჰყავს: ანაკლიის პორტი და “კავკასუს ონლაინის” საქმე. სტატიის ავტორის თქმით, ანაკლიის პორტი, როგორც ლოჯისტიკური და საინვესტიციო ჰაბი, ასევე გაზრდიდა საერთაშორისო ინტერესს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი, მეტ ყურადღებას მიაქცევდა რუსეთის ოკუპაციისკენ და კონსტანცას პორტთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოთამაშედ აქცევდა რუმინეთსაც, ეს ყოველივე კი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმეგებოდა და მან აქტიურად იმუშავა ანაკლიის პროექტისთვის ძირის გამოსათხრელად.

“შედეგად, საქართველოს მთავრობამ ჩაშალა შეთანხმება, უარი თქვა სესხების დაზღვევაზე ინვესტორებისა და საერთაშორისო დეველოპერული ორგანიზაციებისთვის და ინვესტორები აიძულა, არბიტრაჟისთვის მიემართა. სამომავლოდ პროექტისთვის ინვესტიციების მოზიდვა დავის დასრულებამდე ნაკლებ მოსალოდნელია”, – წერს ჰოჯესი.

ჰოჯესის შეფასებით, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალთახედვიდან მეტ შეშფოთებას იწვევს მეორე ინციდენტი, როდესაც გასულ წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც ციფრულ კორიდორს აშენებს აზიიდან ევროპამდე, 61 მილიონი დოლარი გადაიხადა “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილში, თუმცა შეთანხმება საფრთხის წინაშე დადგა.

“მესაკუთრეების წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს საქართველოს მთავრობასთან და კომუნიკაციის კომისიასთან მათი სრული ინფორმირებულობისთვის. ეს უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელსაც საქართველო, აშშ და ევროპა მიემხრობოდნენ, ვინაიდან გაზრდიდა ქვეყნის ციფრულ უსაფრთხოებას რუსეთისგან. ახლა, როდესაც შეთანხმება შედგა, საქართველოს ხელისუფლება მის უკუქცევას ცდილობს ისე, რომ ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. ახალი კანონი GNCC-ს თანამედროვე დემოკრატიისთვის გაუგონარ და განუსაზღვრელ ბერკეტებს აძლევს კერძო სექტორზე”, – ამბობს ჰოჯესი.

საკანონმდებლო ცვლილებების ყველაზე შემაშფოთებელ ასპექტად იგი სატელკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნისა და მისთვის ულიმიტო ძალაუფლების მინიჭების შესაძლებლობას ასახელებს.

“მათ უფლება აქვთ დანიშნონ ან გააძევონ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები; დაიწყონ სამართალწარმოება კონტრაქტებზე, რომელიც მათ დანიშვნამდე 1 წლით ადრე გაფორმდა და მათი ანულირება მოითხოვონ; შეზღუდონ კომპანიის უფლებები მოგების განაწილების, დივიდენდების, ბონუსებისა და ხელფასების ზრდაზე. ეს არის პოტენციური კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სახელმძღვანელო, რომელიც შეიძლება, სწრაფად გავრცელდეს სხვა ინდუსტრიებზეც. ამას ემატება უცხოური ინვესტიციების არარსებობა და სახეზეა გამოცდილი ფორმულა, რომ სახელმწიფომ ზურგი აქციოს დემოკრატიას და ახალ ბელორუსად იქცეს”, – ნათქვამია სტატიაში.

ჰოჯესი ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული ორივე უცხოური საინვესტიციო შეთანხმება რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ხოლო ჩაშლის პირასაა მათი მხრიდან, ვის ინტერესებშიც ყველაზე მეტად უნდა შესულიყო. მისი თქმით, კერძო ინტვესტიციები, თავდაცვის სფეროში თანაშრომლობასთან და დიპლომატიასთან ერთად, აუცილებელი ელემენტია ქვეყნის კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ასაშენებლად.

“თუ საქართველოს უნდა თავისი, როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის პოტენციალის რეალიზება, დასავლური ინტეგრაციის გაღრმავება და გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და ცხოვრების დონისგან სარგებლის მიღება, მიმზიდველი უნდა იყოს ინვესტიციებისთვის. გულდასაწყვეტია განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის საქართველოში, რომ მთავრობა, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებით მიდის”, – წერს ბენ ჰოჯესი.

“კავკასუს ონლაინის” საქმე

The HILL-ში გამოქვეყნებული სტატია პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის არმიის მთავარსარდალი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოლიტიკაზე “კავკასუს ონლაინის” მიმართ. იგი წერდა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული კომუნიკაციების სექტორში იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პორტის შემთხვევაში დაუშვა.

„მოვუწოდებ GNCC-ს [კომუნიკაციების კომისიას], აქციოს პრიორიტეტულად ის, რაც საუკეთესოა საქართველოსთვის და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან“, – დაწერა მან.

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინს” კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ფულადი ჯარიმა – 270 ათასი ლარი მესამედ დააკისრა კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო. GNCC ამბობს, რომ კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეათე თვეა არ ასრულებს. „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს.

GNCC-ის განმარტებით, ეს უკვე მეექვსე სანქციაა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ კომპანიის მიმართ გამოიყენა.

მათივე განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

17 ივლისს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს.  ერთ-ერთი შემთხვევა კი, როცა კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა შეუძლია, კონცენტრაციის საკითხს შეეხება, როცა წილის ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა კომისიის თანხმობის გარეშე ხდება.

განაგრძეთ კითხვა ამ თემაზე:

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.