ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ 20 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის ივლისში მიღებული ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილებების შესახებ .
ვენეციის კომისიის მიხედვით, განხორციელებულ ცვლილებებს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების იურიდიულ და ეკონომიკურ ჩარჩოსა და კონკურენტული გარემოს რეგულირების პრინციპებზე. ასევე, ის აძლიერებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC), როგორც პასუხისმგებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებებს.
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც შემუშავდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორატთან ერთად – ახალმა, 46-ე პრიმა მუხლმა “მნიშვნელოვნად შეცვალა” მარეგულირებლის ძალა [შესაძლებლობები], რაც გულისხმობს იმას, რომ GNCC ხდება უფლებამოსილი, დანიშნოს სპეციალური მმართველი ელექტრონული კომუნიკაციების პროვაიდერ კომპანიებში, ამ უკანასკნელთა მიერ უკანონო ქმედებების გამოსასწორებლად კონკურენციის კანონის სავარაუდო დარღვევის დროს. მაშინ, როცა კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას იმავე კანონის 46-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ჩათვლით.
“მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია ცნობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ საფრთხე არ შეექმნას მომხმარებელთა მიერ ინტერნეტთან წვდომას, [რაც შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციების მომწოდებელ კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშვნის მოტივაცია] არსებული ცვლილებები იწვევს “საკმაოდ შორს მიმავალ შედეგებს საკუთრებისა და მედიის თავისუფლების უფლებების კუთხით, ისევე, როგორც სამართლიანი სასამართლოს მიმართულებით”, – ნათქვამია კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაში
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ “სპეციალური მმართველი, რომელსაც GNCC ნიშნავს, სარგებლობს “განსაკუთრებული უფლებამოსილებებით”, რაც ემსგავსება სასამართლოს მიერ დანიშნულ სპეციალურ ადმინისტრატორს ბანკში ან ფინანსურ ინსტიტუტში, ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ლიკვიდატორს გაკოტრების საფრთხის წინაშე მდგარ კომპანიაში.
ვენეციის კომისიისთვის, ევროპული კონტექსტის გათვალისწინებით, უცნობია ძალაუფლების მსგავსი თავმოყრა მარეგულირებელი ორგანოს ხელში. ამ ტიპის ძალაუფლება არის “ძალიან ფართო და გადაჭარბებული”, რაც კომპანიების აქციონერებს ტოვებს გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და პროცესების მიღმა.
46-ე პრიმა მუხლის ნაწილი არის ზედმეტად ზოგადი და ბუნდოვანი და GNCC-ს აძლევს შესაძლებლობას, რომ აღჭურვოს სპეციალური მმართველი იმგვარი უფლებებით, რომ მან მიიღოს ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ და არ დაექვემდებაროს კორპორატიული კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისა და ბალანსის მექანიზემბის გადამოწმებას, როგორიცაა დირექტორთა საბჭოს კონტროლი.
ვენეციის კომისიის განცხადებითვე, სამართლებრივი აქტი აღსრულების თვალსაზრისითაც არის პრობლემური, რადგან მას აკლია სიცხადე, რაც ქმნის სერიოზულ პრობლემებს და იწვევს შეშფოთებას სასამართლო განხილვის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გამომდინარე ამ და სხვა კრიტიკისგან, ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, “სრულად და საფუძვლიანად გადახედოს მის მიერ მიღებულ ორ შესწორებას” და გაითვალისწინოს რეკომენდაციები, მათ შორის:
46-ე პრიმა მუხლთან მიმართებაში:
- მარეგულირებელი ზემოქმედების შეფასების (RIA) ჩატარება და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა;
- გამოსწორდეს 46-ე პრიმა მუხლი და მოიძებნოს ყოვლისმომცველი გადაწყვეტა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან მიმართებაში;
- განისაზღვროს 46-ე პრიმა მუხლის მოქმედების სფერო, მათ შორის ტერმინების “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესის”, “კრიტიკული ინფრასტრუქტურისა” და “უსაფრთხოების ინტერესების” იურიდიული განმარტებით;
- აღნიშნულ მუხლში შევიდეს შესწორება ისე, რომ მკაფიოდ განისაზღვროს, რომ ეს დებულება არანაირად არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორის სამაუწყებლო ოპერაციებზე.
მე-11 მუხლთან დაკავშირებით:
- გაუქმდეს მე-11 მუხლის შესწორება და დაბრუნდეს შიდა ადმინისტრაციული საპროცესო კანონის ზოგად პრინციპი, რომლის საფუძველზეც საჩივრების მოქმედება შეჩერებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 46-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
- ნათლად განისაზღვროს, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, ვის აქვს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ამ გასაჩივრებისთვის დროითი პერიოდის გახანგრძლივების უფლება. შესაძლებლობების თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ნათლად განისაზღვროს, რომ საჩივრის შეტანის მქონე პირს(ებს) უნდა მიეცეს თავისუფალი წვდომა გასაჩივრებისთვის საჭირო ინფორმაციასა და მასალებზე.
კომუნიკაციების კანონში ცვლილებები 2020 წლის ივლისში, 46-ე პრიმა და მე-11 მუხლებში შევიდა.
ვენეციის კომისიამ 2020 წლის 17 ნოემბერს “ელექტრონული კომუნიკაციების კანონის” უახლესი შესწორებების შესახებ კომისიის დასკვნის მომზადების მოთხოვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტისგან მიიღო.
დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს მიშელ ფრედომ (მალტა), კრისტოფერ გრაბენვარტერმა (ავსტრია), კატერინა შიმაჩკოვამ (ჩეხეთი) და კრისტინა როზგონიმ (საერთაშორისო ექსპერტი).