ახალი ამბები

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა – უგულავა

3 ივნისი, 2021 • 1274
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეკისრება, რომლის დაქვემდებარებაშიც პანსიონია.

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის, რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიჰყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის, რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს, მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ- მინისტრო, როცა ბავშვებს ეხება, გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ, გააღეთ პანსიონის კარი”, – წერს უგულავა.


რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი