ახალი ამბები

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

2 ივნისი, 2021 • 2905
ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

უკვე მეოთხე დღეა, პროტესტის ნიშნად პირამოკერილი რამდენიმე ადამიანი ჭიათურის სოფელ შუქრუთიდან თბილისში ჩამოვიდა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაბანაკდა. ისინი მთელ დღეს საელჩოს მიმდებარედ, შუაგულ მზეზე ატარებენ და ღამესაც იქვე ათევენ. საქართველოს ხელისუფლება საკითხის გადაწყვეტაში, ფაქტობრივად, არ ერევა.

რამ აიძულა პირამოკერილი მოქალაქეები პროტესტის 105-ე დღეს მაღალმთიანი იმერეთიდან დედაქალაქში, სხვა ქვეყნის საელჩოსთან გადმონაცვლება? ამაზე მათი პასუხი ერთია: საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კომპანიის უყურადღებობამ, რომელიც მათი სოფლის ქვეშ, მიწაში, მადანს მოიპოვებს, შედეგად კი ხალხს სახლები ენგრევა.

პროტესტის მონაწილეებმა ელჩ დეგნანს მთავრობასთან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა სთხოვეს. კელი დეგნანმა 2 ივნისს თქვა, რომ საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი შუქრუთელებს შეხვდა და მათ წუხული მოისმინა.

“ჩვენი როლი შეიძლება იყოს დამაკავშირებელი, სხვა ინტერესი აშშ-ს არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ისინი არიან კარგად და მათი წუხილი არის მოსმენილი და გაგონილი”, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

პროტესტის მონაწილე ხუთმა კაცმა პირი 11 მაისს ამოიკერა. 24 მაისს პროტესტის იმავე ფორმას სამმა ქალმაც მიმართა. როგორც ამბობენ, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმასაც არ მოჰყოლია მათთვის სასურველი რეაგირება სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ერთადერთ გამოსავალს აშშ-ის ელჩის შესაძლო მხარდაჭერასა და მედიატორობაში ხედავენ.

როგორც შუქრუთელები ამბობენ, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. პროტესტის მონაწილეები ამის სანაცვლოდ ისეთ ფულად კომპენსაციებს ითხოვენ, რომ სხვა ადგილზე შეძლონ შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს მოწყობა.

თავად კომპანია კი აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს” კომპანია სოფელ შუქრუთის მოსახლეობას აზიანებს და არ უნაზღაურებს შესაბამის ზარალს, “ყალბია და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”.

ამასთან, კომპანიის თქმით, ადგილობრივებისთვის ზარალის ანაზღაურებაზე უარს არ ამბობს, თუმცა ადგილობრივები და “ჯორჯიან მანგანეზი” განსხვავებულად მოიაზრებენ მეთოდს, რომლის მიხედვითაც მცხოვრებლების ქონება უნდა შეფასდეს.

რატომ დაიწყო პროტესტი

პროტესტის მონაწილეები “ნეტგაზეთს” უყვებიან, რომ სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე მადნის მოპოვებითი სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა, რამაც სოფელი დააზიანა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პროცესები შეჩერდა, მოსახლეობამ ახალი სახლების მშენებლობა დაიწყო და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისე ცხოვრობდნენ, რომ მათ საცხოვრებელ გარემოს მსგავსი სახის პრობლემები არ შექმნია.

მათი თქმით, პრობლემები 2017 წელს დაიწყო, როდესაც “ჯორჯიან მანგანეზმა” სოფლის მიმდებარედ სამუშაოები განაახლა:

“ჩვენი სოფელი არის მჭიდროდ დასახლებული. ადრე აქ ერთი მაღარო მუშაობდა, ბოლო წლების განმავლობაში “ჯორჯიან მანგანეზმა” [GM] კიდევ 15 გვირაბი დაამატა, რის შედეგადაც სოფელი, ფაქტობრივად, ალყაში მოექცა და მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მთელი სოფლის ქვეშ გაჩნდა სრული სიცარიელე, რის შედეგადაც მიწა ჩაწვა, წავიდა მეწყრული პროცესები, დაიშალა, დაიბზარა სახლები, ჩავარდა ხეები, სასაფლაოები… ფიზიკურად გამორიცხულია სოფელში ცხოვრება.

არსებობს თვალშისაცემი დამდგარი ზიანი და არსებობს ზიანი, რომელიც მოკლე მომავალში დადგება, რის შედეგადაც დროის სულ მცირე მონაკვეთში, ალბათ, 2 წელიწადში, ფიზიკურად ცხოვრება იქნება შეუძლებელი. არ იქნება არცერთი მთელი შენობა-ნაგებობა დარჩენილი”, — უთხრა ნეტგაზეთს პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, სერგო მოდებაძემ.

მოდებაძის განმარტებით, ამ ვითარებიდან გამომდინარე პროტესტის მონაწილეები კომპანიისგან ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ, რათა სხვაგან გადასახლება შეძლონ.

კომპანიისგან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია 2019 წელსაც გამართეს. მაშინ აქციის მონაწილეებმა შუქრუთის მიმდებარედ იმ მაღაროს შესასვლელი გადაკეტეს, სადაც “ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებს აწარმოებდა. ზარალის ანაზღაურებასთან ერთად ისინი საქმეში მთავრობის ჩართვასაც ითხოვდნენ.

კომპანიამ 2019 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ საქმის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც დაადგინა, რომ სოფელში არსებული დაზიანებები “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ წარმოებულ სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო გამოწვეული. ასევე, კომპანიამ მაშინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი “საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურებულ იქნა“.

ამის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ კიდევ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, უშედეგოდ. 2020 წლის ივნისიდან კი შუქრუთის მიმდებარედ სამუშაოების წარმოება დაიწყო GM-ის კონტრაქტორმა კომპანიამ “შუქრუთი+”-მა.

“ჯორჯიან მანგანეზმა” 2021 წლის 20 მაისს განაცხადა, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ 2020 წლის ივნისიდან დღემდე, ჯამურად, 2 მილიონ ლარამდე კომპენსაციები გასცა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

ამჟამინდელი პროტესტის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ადგილობრივების ნაწილმა მართლაც მიიღო გარკვეული თანხა, თუმცა, მათი თქმით, კომპანიის მიერ განსაზღვრული კომპენსაცია არ არის ადეკვატური იმ ზარალთან მიმართებით, რაც მათ მიადგათ. შესაბამისად, შუქრუთელების ნაწილი კომპენსაციებზე უარს ამბობს და ზარალის დასათვლელად საქმეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვას ითხოვენ.

როგორ ცხოვრობენ შუქრუთში

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ შუქრუთში დაახლოებით 282 ოჯახი ცხოვრობს, მათი ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა, ნაწილი კი ჭიათურის მაღაროებშია დასაქმებული. ადგილობრივების თქმით, ჭიათურაში “მეტი გასაქანი არ არის”. მცირე “გასაქანის” მიუხედავად, პროტესტის ამჟამინდელი მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს მიწა მათთვის შეუფასებელია, მაგრამ სოფელი ნადგურდება, სახლები ენგრევათ და იქ ცხოვრების გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნიათ.

თამარ კუპატაძე ერთ-ერთია, ვინც 12 დღის წინ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც 34 წლის ქალი ნეტგაზეთს უყვება, მთელი ცხოვრება სოფელ შუქრუთში აქვს გატარებული. მისი თქმით, იმ სახლის ეზოში, სადაც მეუღლესთან, დედასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, ბოლო წლების განმავლობაში ღრმულები გაჩნდა. თამარი აღწერს, რომ ეზოში ბევრი წვრილ-წვრილი ორმოა, რომელთა დიამეტრიც 10-დან 30 სანტიმეტრამდეა.

“ერთი ორმო თითქმის 2-მეტრიანი დიამეტრისაა, რომელზეც თუნუქის ფილა მიდევს, ბავშვი ან ცხოველი რომ არ ჩავარდეს. სახლის ორი ოთახი ძალიან დაზიანებულია, დანარჩენი სახლი კი დგას ფეხზე, მაგრამ რამდენ ხანს იქნება?! სოფელს, ფაქტობრივად, არ აქვს საძირკველი და ძალიან მალე ჩავა ძირს”, — ამბობს თამარი.

მისი თქმით, მადნის მომპოვებელმა კომპანიამ სოფელში მუშაობა 2017 წელს განაახლა ისე, რომ ადგილობრივებისთვის არ უკითხავს არაფერი. გახშირებული რყევების, შენობებზე ბზარების გაჩენისა და ნიადაგის ცვლილების შემდეგ კი, თამარის თქმით, მოსახლეობა მიხვდა, რომ სამუშაოები პირდაპირ მათი საცხოვრებელი სახლების ქვემოთ მიმდინარეობდა, თუმცა შლის პროცესი უკვე დაწყებული იყო და სამუშაოების შეჩერებას აზრიც არ ჰქონდა.

“ჩვენ სახლებს ვერ შევაკეთებთ შლისგან, ამიტომ უნდა გადაგვიხადოს კომპანიამ იმდენი, რომ წამოვიდეთ და ან სახლი ვიყიდოთ, ან ავაშენოთ ან რაღაც გავაკეთოთ. გვიწევს, რომ დავტოვოთ აქაურობა, მაგრამ ვერ ვტოვებთ, სად წავიდეთ, ეს სახლი ვის დავუტოვოთ… რატომ უნდა დამენგრეს მე, ეს ხომ ჩემი კუთვნილია… GM-მა მოგვაყენა ზიანი უკითხავად, ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებული, რომ უნდა მოსულიყვნენ და ემუშავათ. მოდიხარ, ანგრევ და მერე პასუხისმგებლობას ირიდებ თავიდან, ასე ხომ არ უნდა ხდებოდეს?”— ამბობს თამარი.

თამარის მსგავსად სახლის დატოვება უჭირს, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს 61 წლის ვერა კუპატაძეც. ის გვიყვება, რომ მეუღლესთან ერთად შუქრუთში სახლი 26 წლის წინ ააშენა და ეს მისი ერთადერთი საკუთრებაა.

“მე და ჩემი ოჯახი მიწაზე ვართ დამოკიდებული. მეტი სახლი ჩვენ არ გვაქვს.. თბილისში ქირით ცხოვრობს ჩემი შვილი და მისი ოჯახი. ვირჩენდით თავს მეურნეობით, აღარც საძოვარი თუ არ დაგვრჩა, რა უნდა ვქნათ… გვეუბნებიან გადადით გვერდზე სოფელში და ამისთვის საკმარის თანხას შემოგთავაზებთო, მაგრამ ოფიციალურად არაფერი შემოუთავაზებიათ ჯერ”, — ამბობს ვერა.

61 წლის ქალმა თამარ კუპატაძესთან და ია ასანიძესთან ერთად 12 დღის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. პროტესტის მონაწილე ქალები ამბობენ, რომ აღარაფრის იმედი აღარ დარჩათ, რადგან ხმას ვერავის აწვდენენ.

“რა განცდაა, იცით? ვერაფერს აკეთებ, თავს ზემოთ რომ ძალა არ გაქვს. პირის ამოკერვის და შიმშილობის შემდეგ რა ფორმას უნდა მივმართოთ მართლა… ვერ წარმომიდგენია, მეტი უკიდურესობა რა უნდა იყოს…”, — ამბობს თამარი.

ამჟამინდელი პროტესტის მონაწილეები ჰყვებიან, რომ პროტესტის დაწყებისას აქციებში თითქმის მთელი სოფელი მონაწილეობდა, ახლა კი მხოლოდ 10 ოჯახი დარჩა. მათი თქმით, ნაწილი შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდა, ნაწილი კი აქციებს შანტაჟისა და მუქარის გზით ჩამოაშორეს.

როგორც თბილისში ჩამოსული პირამოკერილი შუქრუთელები ამბობენ, შანტაჟი და მუქარა მათ წინააღმდეგაც იყო, თუმცა პოლიციას მხოლოდ ერთხელ მიმართეს. კერძოდ, ვერა კუპატაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მის ტელეფონზე უცხო პირმა, უცხო ნომრიდან დარეკა და დაემუქრა, რომ მისი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაავრცელებდა. აღნიშნული ზარის შემდეგ ვერამ პოლიციას მიმართა, უწყებამ ის ტელეფონი წაიღო, რომელზეც ზარი განხორციელდა, თუმცა 61 წლის ქალისთვის ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

ვერა კუპატაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ზარის ავტორი ის კომპანიაა, რომელსაც პროტესტის მონაწილეები უპირისპირდებიან. ნეტგაზეთმა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორ კომპანია “შუქრუთი+”-ის წარმომადგენელს, ვლადიმერ სალაძეს პროტესტის მონაწილეების ბრალდებების შესახებ დაუსვა შეკითხვა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ამ გზით პროტესტის მონაწილეები ვითარების გამწვავებას ცდილობენ.

მუქარის სავარაუდო ფაქტო დაგმო “ჯორჯიან მანგანეზმა” პოლიციას აღნიშნული ფაქტის დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდა.

შუქრუთელების თქმით, მათი პროტესტის ჩახშობის პროცესში სახელმწიფოც ჩართულია. ამის დასტურად კი თორნიკე ლაბაძე ჰყვება, რომ 16 თებერვალს მას და პროტესტის კიდევ ერთ მონაწილეს აქციის ფარგლებში კარავში ყოფნისას “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ასევე, ლაბაძის თქმით, როდესაც აქციის მონაწილეებმა განცხადება დაწერეს, რომლის თანახმადაც, მაღაროების პიკეტირებას გეგმავდნენ, პოლიცია მას სახლში “შეუვარდა”, შემდეგ კი ადგილობრივი პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სახლი შეეშალათ.

რას ითხოვენ შუქრუთელები

ორი წელია, რაც სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანიისგან იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, კომპანიამ სოფლის ქვემოთ მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მიაყენა.

რაც შეეხება დანარჩენს მოთხოვნებს, პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი ითხოვენ, რომ:

  • სახელმწიფო ჩაერთოს მოსახლეობასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების პროცესში;
  • კომპანიის მხრიდან შესაძლო მიყენებული ზარალი დაითვალოს ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ;
  • შეწყდეს სამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, ვინც 2019 წელის აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.

თუმცა ამ ეტაპზე პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ზარალის ადეკვატური ანაზღაურებაა.

მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ამის მიზეზად კი აქციის მონაწილეები ასახელებენ, რომ მათ ძირითად მოთხოვნას კომპანია არ ასრულებს, კომპანია კი ამბობს, რომ ადგილობრივებს იმაზე მეტ ანაზღაურებას აძლევს, ვიდრე მათი ქონების საბაზრო ღირებულებაა.

მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარემ შეადგინა ხელმოსაწერი ხელშეკრულების საკუთარი ვერსიები, თუმცა არცერთი მხარე არ ეთანხმება მეორე მხარის ვერსიას.

გარდა ამისა, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ჯანო ლაბაძის თქმით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტით განისაზღვრებოდა, რომ კომპენსაციების აღების შემდეგ ადგილობრივებს პროტესტის გამოხატვის უფლებაც ეკრძალებოდათ, რაც მათთვის მიუღებელია.

ამასთან, მისი თქმით, ხელშეკრულებაში ორაზროვნად ეწერა, რომ კომპანია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავდა, თუმცა არ იყო განსაზღვრული, კონკრეტულად რა მეთოდით მოხდებოდა დათვლა.

“ასევე მიუღებელი იყო, რომ მხარედ მოიაზრებოდა “შუქრუთი+” და მხოლოდ მის მიერ მიყენებულ ზიანის ანაზღაურებაზე იყო საუბარი, როცა ეს კომპანია ერთი წლის შექმნილია და ზიანი მანამდე “ჯორჯიან მანგანეზის” პირობებში დაიწყო და ახლაც გრძელდება”, —განმარტა ლაბაძემ.

მისი თქმით, ხელშეკრულების საკუთარ ვერსიაში აქციის მონაწილეებმა კომპანიას მოსთხოვეს, რომ კომპენსაციები გაიცეს ჩანაცვლების პრინციპით. ლაბაძის განმარტებით, ეს გულისხმობს, რომ ადგილობრივებს მიეცეთ ქონებაზე მიყენებული ზიანის ღირებულება, რომელიც საკმარისი იქნება სხვა ადგილას ისეთივე სარგებლობის სახლის და ეზოს მოწყობისთვის, როგორიც შუქრუთის მცხოვრებლებს სოფელში ჰქონდათ.

ლაბაძის თქმით, მიუხედავად “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებისა, რომ კომპანია ჩანაცვლებითი ღირებულების პრინციპით უხდის სოფლის მცხოვრებლებს ანაზღაურებას, ეს ასე არ არის.

“მე რომ ვცხოვრობ სოფელში, მაქვს ეზო და ამ ეზოს მოსავალს ვიყენებ, ამას რომ მიზიანებს კომპანია, უნდა გადამიხადოს ადეკვატური თანხაც. რატომ უნდა დავთმო კომპანიის გამდიდრების ხარჯზე ჩემი შემოსავლის წყარო მინიმალურ ფასად? ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ გარდაუვალია ამ ყველაფრის განადგურება, გადაწყვიტონ, მხოლოდ ნორმალური აუდიტის პირობებში, უღირთ თუ არა, რომ გამოთხარონ ჩვენი მიწის ქვემოთ, მოიპოვონ მადანი, გამდიდრნენ და მე ეს ქონება წამართვან.

თუ არ უღირთ, ნუ გამოიყენებენ იმ ველს სამუშაოდ და ნუ წაგვართმევენ ჩვენც იმის უფლებას, რომ საკუთრება რომ დამიზიანდება, ჩავიდეთ და მათი სამუშოები გავაჩეროთ”, — განმარტავს ლაბაძე.

ასევე, ის აცხადებს, რომ სახლის ღირებულების დათვლისას კომპანია მიკერძოებულია და არ ითვლის რეალურ ფასს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ადგილას იმავე სარგებლობის სახლის აშენების სრული ღირებულება, ასევე, იმ მსხმოიარე ხეხილის სარგებელი. მაგალითად, კაკლის ხეები და ვაზი არაერთი ოჯახისთვის სეზონური შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ახალ ტერიტორიაზე კი იგივე ხეხილის გაშენებას უფრო მეტი დრო სჭირდება, მანამდე კი ოჯახები ყოველწლიურ შემოსავალს დაკარგავენ.

შუქრუთელები “ჯორჯიან მანგანეზსა” და მის კონტრაქტორ კომპანიას არ ენდობიათ. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ პროცესში ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო და მისი როლი ხელშეკრულებაშიც უნდა იყოს გათვალისწინებულ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, არსებობდეს ბერკეტი, რომლითაც შუქრუთელები საკუთარი უფლებების დაცვას დროში გაწელილი პროცედურების გარეშე შეძლებენ.

“ჯორჯიან მანგანეზი” და მისი კონტრაქტორი

სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვების ლიცენზია “ჯორჯიან მანგანეზს” აქვს, თუმცა სამუშაოებს 2020 წლის 1 ივნისიდან მისი კონტრაქტორი კომპანია “შუქრუთი+” აწაროემბს. სწორედ “შუქრუთი+”-ს ევალება მადნის მოპოვებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.

კომპანიები ირწმუნებიან, რომ მარგანეცს კანონიერად მოიპოვებენ, შუქრუთელებს დანაპირებს უსრულებენ და იმაზე მეტ კომპენსაციას აძლევენ, რამდენიც ეკუთვნით.

“შუქრუთი+”-ის  წარმომადგენელი ვლადიმერ სალაძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ კომპანიამ დაქირავებული აუდიტის მეშვეობით განსაზღვრა ადგილობრივი მცხოვრებლების ქონების საბაზრო ღირებულება და კომპანია მზად არის, ადგილობრივებს გადაუხადოს აღნიშნულ ღირებულებაზე მაღალი თანხა. ამასთან, პირად მფლობელობაში დაუტოვოს ის ქონება, რომელსაც ადგილობრივები ამჟამად სოფელში ფლობენ.

სალაძის თქმით, ისინი შუქრუთელების ქონებას აფასებენ სამშენებლო მასალების ღირებულების მიხედვით, ანუ რა დაჯდება უშუალოდ მსგავსი სახლის აშენება. როგორც სალაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ადგილობრივების მოთხოვნა, რომ კომპენსაციები მიიღონ ჩანაცვლების პრინციპით, უსამართლოა, რადგან ეს პრინციპი არ ესადაგება სოფელ შუქრუთში არსებულ ვითარებას.

“უძრავი ქონება რჩებათ მათ, სახლ-კარი, ხეხილი და ყველაფერი… შესაბამისად, სრული ჩანაცვლების პრინციპი ვერ განხორციელდება. სრული ჩანაცვლების პრინციპი ხორციელდება, მაგალითად, ავტომაგისტრალის მშენებლობისას, რადგან ისინი კარგავენ სახლს, მრავალწლიან ნარგავებს, უძრავ ქონებას ა.შ.

თუმცა, ჩვენ აქ როდესაც ვუხდით კომპენსაციას მოსახლეობას, ისინი ჩვეულებრივად რჩებიან ქონების მესაკუთრეები მამაპაპისეული სახლების, სადაც ისინი ცხოვრობენ, აგრძელბენ ცხოვრებას და ის, რომ სრული ჩანაცვლების პრინციპით უნდა მოხდეს მათი ქონების დათვლა, ეს არ არის სამსართლიანი მოთხოვნა”, — განმარტა სალაძემ.

ნეტგაზეთმა სალაძესთან აღნიშნული ინტერვიუ 1 ივნისს ჩაწერა. 2 ივნისს კი პასუხები წერილობით მივიღეთ “ჯორჯიან მანგანეზისგან”, სადაც კომპანიის პოზიცია რადიკალურად განსხვავებულია.

კერძოდ, “ჯორჯიან მანგანეზი” გამოთქვამს მზადყოფნას, ჩანაცვლების პრინციპით, სრულად აუნაზღაუროს დაზარალებულებს ქონება და არამხოლოდ სახლის სამშენებლო მასალების ღირებულება.

“ასანაზღაურებელი ობიექტების ღირებულება განისაზღვრება ე.წ. ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დგინდება ასანაზღაურებელი ობიექტების ღირებულება იმის მიხედვით, თუ რა დაჯდებოდა მიწის ნაკვეთის შეძენა, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების აშენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, მრავალწლიანი ნარგავებისა და რგავების გაშენება (მათი არსებობის შემთხვევაში).

საბოლოოდ, მიღებულ ღირებულებას აკლდება ქონებაში გამოყენებული და გამოსადეგი სამშენებლო მასალების (რომელთა ხელახლა გამოყენებაც შეიძლება) ღირებულება. აღნიშნულის საფუძველზე მიღებული რიცხვი წარმოადგენს მესაკუთრისთვის ასანაზღაურებელი თანხის სრულ ოდენობას. ამ მეთოდის პირობებში შესაფასებელი ქონება რჩება მოსახლეს საკუთრებაში. ბოლო გადაწყვეტილებით, კონტრაქტორმა კომპანიამ თანხმობა განაცხადა აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეების ქონებაზე მიყენებული ზარალის შეფასება უნდა განხორციელდეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ”, — ნათქვამია “ჯორჯიან მანგანეზიდან” ნეტგაზეთის გამოგზავნილ წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ მადნის მომპოვებელი კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, მოსახლეობას აუნაზღაუროს ზიანი, ისინი ირწმუნებიან, რომ ზიანი მათ ქმედებას არ გამოუწვევია.

“ჩვენი კომპანია ამ სახლების ქვემოთ არანაირ გამომუშავებას არ ახორციელებს. მარგანეცის დამუშავების თემა ისე გვაქვს, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, სოფელს არ მიადგეს ზიანი და ნგრევა. ყველანაირად ვიცავთ პროექტში გათვალისიწინებულ მანძილს, მიმართულებას და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის”, — უთხრა ნეტგაზეთს “შუქრუთი+”-ის წარმომადგენელმა ვლადიმერ სალამძემ.

მისი განცხადებით, შენობებზე გაჩენილი ბზარები და ნიადაგის ჩავარდნა ათწლეულების წინ წარმოებული სამუშაოებმა გამოიწვია. მისი თქმით, სწორედ იმ პერიოდში დაზიანებული ნიადაგის შედეგია, რომ ახალაშენებულ შენობებსაც კი უჩნდებათ ბზარები.

კითხვაზე, თუ კომპანია არ აზარალებს ადგილობრივ მოსახლეობას, მაშინ რატომ უხდის კომპენსაციებს, სალაძემ განაცხადა, რომ ამ გზით კომპანია ცდილობს თავიდან აირიდოს უსიამოვნება ადგილობრივ მოსახლეობასთან. კერძოდ კი სალაძემ გაიხსენა 2 წლის წინ მოსახლეობის მიერ მაღაროს პიკეტირების ფაქტი.

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, კომპანია მზად არის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე სრულად აუნაზღაუროს ადგილობრივებს შეფასების შედეგად განსაზღვრული ზარალი. როგორც ის ამბობს, კომპანიამ შეძლო შუქრუთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან შეთანხმება და კომპენსაციების სახით 2 მილიონ ლარამდეც გასცა.

“შუქრუთი+”ის წარმომადგენლის, ვლადიმერ სალაძის განმარტებით, საინჟინრო კვლევების მიხედვით, ადგილობრივების საცხოვრებლები სამ კატეგორიად იყოფა. მისი განცხადებით, თავდაპირველად პირველ კატეგორიაში მყოფ ოჯახებს გადაეცემათ კომპენსაციები 15 თვის ვადაში. პირველი კატეგორიის დასრულების შემდეგ თანხების გაცემა დაიწყება მეორე კატეგორიის საცხოვრებლებში მყოფი ოჯახებისთვის, იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში იქნება მათი სახლები იმ პერიოდისთვის. ამის შემდეგ იმავე პრინციპით დაიწყება მესამე კატეგორიისთვის კომპენსაციების გაცემის ეტაპიც.

“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, პირველი კატეგორია 36 ოჯახს აერთიანებს და საკომპენსაციო თანხის ოდენობა 2.3 მილიონ ლარს შეადგენს.

სახელმწიფოს დუმილი

სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე აქტიურად არ ერევიან შუქრუთელების პრობლემის გადაწყვეტაში, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და სხვა ქვეყნის ელჩს სთხოვეს დახმარება.

ეკონომიკის სამინისტროს მედიატორის როლის შესრულებისკენ 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმაც მოუწოდა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს “სოციალისტური სამართლიანობის ცენტრიც”, რომელიც ბოლო პერიოდში პროტესტის მონაწილე შუქრუთელებს მოლაპარაკების პროცესში ეხმარება.

1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა თათული ჭუბაბრიამ განმარტა, რომ მოსახლეობასა და კომპამნიას შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან “ჯორჯიან მანგანეზი” არ ჩნდებოდა როგორც პასუხისმგებელი მხარე.

ამასთან, ჭუბაბრიას თქმით, დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები არაფორმალურად ესაუბრებოდნენ სოფლის მოსახლეობას და პროტესტის შეზღუდვის მიზნით გარკვეული ტიპის კომპენსაციებზე მოსახლეობის დათანხმებას ცდილობდნენ.

“დღეს პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღარ დარჩა მოლაპარაკებების არავითარი რესურსი, ამისთვის კი საჭიროა ვისაუბროთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” 15 წელია, ჭიათურაში მადანს მოიპოვებს და ამ კომპანიისთვის ეს სივრცე სრულად დერეგულირებულია.

ასევე, ბოლო პერიოდში, რაც სახელმწიფო მმართველი დაინიშნა, რეგიონში მონიტორინგის მექანიზმებია დასუსტებული. სახელმწიფო არ ახორციელებს ინსპექტირებას და არ გვაქვს იმ შეუქცევადი ზიანის შესახებ მონაცემები, რომელიც სოციალურ და ბუნებრივ გარემოს ადგება. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გამოჩნდეს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და შექმნას ახალი მექანიზმი, სტანდარტი, რომლითაც შებოჭავს კომპანიის საქმიანობას და უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს სამოსახლო არეალების დათმობა იძულების გზით”, — განმარტა ჭუბაბრიამ.

 

 

ჭუბაბრიას თქმით, აუცილებელია, რომ განისაზღვროს კომპენსირების წესის ახალი სტანდარტი, რომელიც მოსახლეობისადმი მიყენებულ ზიანს სრულფასოვნად შეაფასებს და ანაზღაურების მექანიზმიც მისაღები იქნება.

ნეტგაზეთმა რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან სცადა საკითხზე განმარტების მოპოვება. გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა გვიპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხებათ მათ მსგავსი საკითხები, თუ კომპანია მადანს უკანონოდ, ლიზენციის გარეშე მოიპოვებს, ამ შემთხვევაში კი საკითხი ეკონომიკის სამინისტროს ეხება.

ეკონომიკის სამინისტროში ნეტგაზეთს საკითხის გარკვევას დაჰპირდნენ, თუმცა მათგან პასუხი მთელი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ.

მხოლოდ ზოგადი შინაარსის კომენტარით შემოიფარგლა და კონკრეტიკისგან თავი შეიკავა ჭიათურის მერიამ, სადაც გვიპასუხეს:

“აქციის მონაწილეეები არიან ჩვენი თანაქალაქელები და, ბუნებრივია, ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება მათი მდგომარეობა. ამდენად, გვაქვს მუდმივი კონტაქტი “ჯორჯიან მანგანეზთან”, ისევე როგორც შუქრუთის მოსახლეობასთან. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ კომპანია აქტიურად განიხილავს კომპენსაციის გაცემის საკითხს და ამ მიმართულებით აქციის მონაწილეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.”

ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარმა პაატა კვიჟინაძემ მედიას განუცხადა, რომ შუამავლობისთვის მზად არის.

“მე ყოველთვის მზად ვარ. ადრეც ვუთხარი, რომ თუ რაღაც დაახლოვდება, შუამავლის როლში ვიქნები გარანტი, რომ შეთანხმება შესრულდეს.

სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ იქ, ჭიათურაში, სადაც ისინი ბრძანდებიან, ცუდია ამას რომ ვამბობ, მაგრამ სასწრაფო დგას, ჩვენგან თუ რამე სჭირდებათ, წყალია თუ სხვა რამე… კი ბატონო”, — “მთავარი არხის” ინფორმაციით, განაცხადა კვიჟინაძემ.

დეპუტატის თქმით, მას თბილისში ჩამოსული პირამოკერილი ხალხი ჯერ არ მოუნახულებია. როგორც ის ამბობს, საკითხი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს და არა — შიმშილობით:

“თუ შიმშილობს და ე.ი. გარანტირებულად ასე უნდა იყოს, მაშინ ყველა დავიწყებთ შიმშილობას”.

შუქრუთელების პროტესტი ამოკერილი პირითა და შიმშილობით ამერიკის საელჩოსთან გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი