ახალი ამბები

ვემიჯნებით და ვგმობთ შანტაჟს – „მანგანეზი“ შუქრუთელების ბრალდებაზე

2 ივნისი, 2021 • 1123
ვემიჯნებით და ვგმობთ შანტაჟს – „მანგანეზი“ შუქრუთელების ბრალდებაზე

შუქრუთელი დემონსტრანტების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ემიჯნება შანტაჟს და შესაბამის უწყებებს გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ უცნობი პირი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა.

ორკვირიანი პროტესტის მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც პირიც ამოიკერა, ამბობენ, რომ პროტესტის დაწყებისას აქციებში თითქმის მთელი სოფელი მონაწილეობდა, ახლა კი მხოლოდ 10 ოჯახი დარჩა, — მათი თქმით, ნაწილი შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდა, ნაწილი კი აქციებს შანტაჟისა და მუქარის გზით ჩამოაშორეს.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ შანტაჟი და მუქარა მათ წინააღმდეგაც განხორციელდა, თუმცა პოლიციას მხოლოდ ერთხელ მიმართეს. კერძოდ, ვერა კუპატაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მის ტელეფონზე უცხო პირმა უცხო ნომრიდან დარეკა და დაემუქრა, რომ მისი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაავრცელებდა.

ვერა კუპატაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ზარი იმ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც პროტესტის მონაწილეები უპირისპირდებიან.

„ნეტგაზეთმა“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ აფილირებული კომპანია „შუქრუთი+“-ის წარმომადგენელს, ვლადიმერ სალაძეს პროტესტის მონაწილეების ბრალდებების შესახებ დაუსვა შეკითხვა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ამ გზით პროტესტის მონაწილეები ვითარების გამწვავებას ცდილობენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ 2 ივნისს გამოეხმაურა ბრალდებებს და განაცხადა, რომ „ემიჯნება და კატეგორიულად გმობს შანტაჟს და მიაჩნია, რომ ადგილი აქვს „ჯორჯიან მანგანეზის“ დისკრედიტაციის მცდელობას“.

„მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები, დაინტერესდნენ პროტესტის მონაწილეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით და უმკაცრესად იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, – აცხადებს კომპანია.

GM აცხადებს, რომ მზადაა, „საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა უმკაცრესად დაისაჯოს ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მხილებული ყველა პირი“.

„მიგვაჩნია, რომ ამ მეთოდებით ბრძოლა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რაც საზოგადოებისთვის ნაცნობი წარსული პრაქტიკაა, რომელსაც კომპანია გმობს და ემიჯნება“, – წერია განცხადებაში.

კომპანია, გამოძიებისკენ მოწოდების პარალელურად, ბრალდებას „დეზინფორმაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ „მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირველ რიგში, აზიანებს კომპანიას და მოლაპარაკებების პროცესს, რაც საფრთხეს უქმნის დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვას და საქმის დროულად გადაწყვეტას“.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

„ნეტგაზეთი“ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას შუქრუთელ დემონსტრანტებსა და მათს მოთხოვნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი