ახალი ამბები

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს სჭირდებათ შველა — დეკანოზი ლომიძე

1 ივნისი, 2021 • 984
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს სჭირდებათ შველა — დეკანოზი ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე განცხადებას ავრცელებს.

დეკანოზის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონში ბავშვები საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან და „სასწრაფოდ სჭირდებათ შველა“.

„რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას.

ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მით უმეტეს, როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე. ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?! მეორე მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა, რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?!

თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და შევცვალო სასიკეთოდ ბავშვების მდგომარეობა“, — წერს დეკანოზი.

მისივე თქმით, რადგან ამ ყველაფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეპისკოპოსი სპირიდონი, სწორედ ამიტომაა დეკანოზი დარწმუნებული პანსიონში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ.

„პირველ ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწრაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონატში“, — წერია განცხადებაში.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ნახეთ ასევე:

ასე ვერ გაგრძელდება, ვითარება უნდა შეიცვალოს – სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი