ნეტგაზეთი | მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ – გახარია ივანიშვილზე მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ – გახარია ივანიშვილზე – Netgazeti
Batumelebi | RU

მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ – გახარია ივანიშვილზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური მოძრაობის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე დღეის მდგომარეობით ვრცლად არ ისაუბრებს.

დღეს გახარიამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან, რომელსაც ესწრებოდა თითქმის ყველა არხი, გარდა „იმედისა“ და „პოსტ ტვ-სა“.  დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახარიას ჰკითხეს, როგორ დაახასიათებდა ივანიშვილს.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ „მიუხედავად ვის რისი მოსმენა უნდა, მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის“, შესაბამისად, ის „წარსულზე ჭორაობას“ არ დაიწყებს.

„პარტიის დაფუძნების პირველივე დღეს რაც ვთქვით – ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ეს არ მითქვამს ტყუილად, ეს არის ის ფასეულობაც, რაზე დაყრდნობითაც მე ეს ნაბიჯი გადავდგი. ამის შემდგომ ერთი მხრიდან უაღრესად სასაცილო სიტუაცია შეიქმნა – ერთი მხრიდან ენმ-ის თავმჯდომარე იძახის, რომ ახლა ვნახავ, გახარია რას იტყვის ივანიშვილზე და მერე ან მივცემ საშვს პოლიტიკურ ველზე, ან არაო, მერე გამოდის „ოცნების“ თავმჯდომარე და ამბობს, გახარიამ ახსნასო მიშა სააკაშვილის თამაშის…“ ,- აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, არცერთ ამ პარტიას არ აქვს ქართველი ამომრჩევლის გულის გასაღები და მისთვის იმედგაცრუებაა ისიც, რომ „ეს ორი ლექსიკა ერთმანეთს უაღრესად ემსგავსება“.

„რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება იყო გუნდური..მაგრამ მე ამ გუნდური გადაწყვეტილების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი. ხშირ შემთხვევაში, კომპრომისის ხარჯზე. როგორც კი დავეჯახე კედელს ყველანაირი ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ ამ როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, მე გადავდექი. და ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ მელიას დაკავება აქ არაფერ შუაშია. და ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მაინც როგორ დაახასიათებდა ის ივანიშვილს, გახარია პასუხობს:

„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, მან ასე განაცხადა, და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი და აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მეც მიმიღია მონაწილეობა, და ჩემი პასუხისმგებლობაც არის – მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი, მე რაიმე შეზღუდვა ან კომპლექსი მექნება, რომ ჩემი პოზიცია ღიად არ დავაფიქსირო.

მე მესმის, რამდენ ადამიანს უნდა ჭორაობის მოსმენა, მე ამას არ გავაკეთებ. ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა – „მე რაც შემიძლია“, გავაკეთე და აღარ არის ამ პროცესის მონაწილე“, – ამბობს ის.

ნახეთ ასევე:

“იმედი” და “პოს ტვ” გახარიასთან შეხვედრაზე არ მივიდნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან